1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეში.

აგრეთვე, 1-ელ ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.

„მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

დასწრება თავისუფალია.

დღის პროგრამა:

მეზღაპრის კუთხე : (15:00-19:00 საათამდე)

მოეწყობა ლამაზი კუთხე ბავშვებისათვის. ქართველი მსახიობები ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს და გამართავენ მცირე პერფორმანსებს.

ხატვის კუთხე: (15:00-20:00).

დიდი ზომის გასაფერადებელი გაიშლება პარკის ერთ-ერთ სივრცეში და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გააფერადონ თავიანთი საყვარელი გმირები.

საბავშვო ლიტერატურისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა (13:00-20:00).

სცენა (16:00-19:00)

• საბავშვო სტუდიების კონცერტი

• თოჯინების წარმოდგენა

• საპნის ბუშტების შოუ

• ილუზიონისტის შოუ

• ახალგაზრდული ბიგ-ბენდი

• DJ

საბავშვო-გასართობი აქტივობები: (16:00-20:00 საათამდე)

• ზღაპრის გმირები

• ტიტანის რობოტების შოუ

• დრამერების სვლა

• საცირკო სანახაობა

• პარაშუტი

• ქიმიური ლაბორატორია

• რგოლის სროლა მიზანში

• ბურთის სროლა მიზანში

• მაგნიტური დართსი

• მინიგოლფი

• ლაბირინთი ვერტიკალური

• ლაბირინთი ჰორიზონტალური

• მხიარული სტარტები

კვების ზონა (13:00-20:00)

ფოტო ზონა-გიფერი (15:00-20:00)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ასეთი სახის დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო 1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1-ელ ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული, თუმცა მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს ეს დღე - გაურკვეველია.

საბოლოოდ კი ამ დღესასწაულის არსებობა განმტკიცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -1949 წელს, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ომის შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენდა მომავალ თაობაზე (კაცობრიობის მომავალზე) ზრუნვა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.