საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ-აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს და უკვე სრულად განკურნებულია.
„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, - განაცხადა გამყრელიძემ.