მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, კორონავირუსის ვარიანტებს ბერძნული ანბანის ასოები შეუსაბამოს და ის მოიხსენიონ. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.
კორონავირუსის ოთხ ვარიანტს, რომლებიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ინდოეთში დაფიქსირდა, აღმოჩენის თანმიმდევრობის მიხედვით ეწოდათ : "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა" ვარიანტები.
"მათი სამეცნიერო სახელები რთული წარმოსათქმელია. ამის შედეგად, ადამიანები მათ ხშირად იმ ადგილებით მოიხსენებენ, სადაც პირველად აღმოაჩინეს, რაც სტიგმატიზირება და დისკრიმინაციაა",- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, აღნიშნული დასახელებები კორონავირუსის ვარიანტების სამეცნიერო სახელებს არ ჩაანაცვლებს, რომლებიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მატარებელია.
მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ უნდა ასვამდნენ დამღას იმის გამო, რომ პირველად სწორედ იქ აღმოაჩინეს ვირუსის რომელიმე ახალი ვარიანტი.