თურქეთი კორონავირუსის პანდემიის გამო, 14 დღიან კარანტინს აწესებს 8 ქვეყნიდან ჩამომსვლელებისათვის.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებისათვის პანდემიის გამო, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
კონკრეტულად, ხელისუფლების ახალი ღონისძიების თანახმად, ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან, პაკისტანიდან და შრი-ლანკიდან თურქეთში ჩასულებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ასევე, ქვეყანაში შემოსულმა იმ მოგზაურებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში უნდა წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც თურქეთში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული.
აღსანიშნავია, რომ PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ გაერთიანებული სამეფოდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და სინგაპურიდან ჩასულ მგზავრებსაც.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნების მგზავრებს არ მოეთხოვებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა, თუ მათ ვაქცინაცია ჩაუტარდათ თურქეთში შესვლამდე 14 დღით ადრე, ან ჰქონდათ დაავადება გადატანილი და გამოჯანმრთელდნენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.