ექიმი ნანა გეგეჭკორი: ის რომ, აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს

"ის რომ, აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს", - ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კორონავირუსისგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია.

"ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე", - წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.მან Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა.