ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
Facebook-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, 2020 წლის საარჩევნო პროცესები ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, კონკრეტული პოლიტიკური მხარეები კი მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს ხელს უშლიან.
"გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას.
და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.