ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსის საწინააღმდეო ვაქცინის AstraZeneca-ს ერთი დოზა ჰქონდა მიღებული და მეორე დოზით ვაქცინაცია პროტოკოლის მიხედვით, 14 ივნისს უწევდა.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრს ვირუსი დაუდასტურდა 14 ივნისს მისი მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება და გადავადდება.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად განაგრძობს მუშაობას.
„ეკატერინე ტიკარაძე არის თვითიზოლაციაში და დისტანციურად მუშაობს. რაც შეეხება მის აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით. მეორე აცრა იყო განსაზღვრული 14 ივნისს, რაც 12 კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდია. თუმცა ამ ვითარების გამო, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება და გადავადდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.