ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.

როგორც ცნობილია, სენატორები ჯინ შაჰინი, კრის მერფი და რობ პორტმანმა ტიხანოვსკაიას ვილნიუსში შეხვდნენ.

სენატორებთან შეხვედრაზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ Ryanair-ის გატაცებული თვითმფრინავი იმის შეხსენებაა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის ტერორი ყველას ეხება.

„სენატორებმა სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. მათ ასევე განიხილეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას „დიდი შვიდეულის“ სამიტში შესაძლო მონაწილეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.