შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, ისრაელმა პანდემია ფაქტობრივად დაამარცხა - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
,,ჩვენ შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, თუ მოსახლეობის 70% ავცრით წლის ბოლოსთვის, მაშინ შეგვიძლია გამოვაცხადოთ, როგორც ისრაელმა გამოაცხადა.
ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისი მოსახლეობის 60%-ია აცრილი და ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დამარცხებულია, ინფიცირების შემთხვევები ერთეულებია, ლეტალობის შემთხვევები არ აქვს, მოსახლეობას ნიღბის ტარების ვალდებულება არ აქვს - ეს არის პანდემიის დასრულება.
იქ ვაქცინირებულთა რაოდენობამ 60%-ს გადააჭარბა. თუ ჩვენ 60% და 70%-ს გადავაჭარბეთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პანდემია დასრულდება, თავისით არაფერი არ დასრულდება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებლით, ეს არის მთავარი.
თუ ჩვენ დავრჩით საქართველოში 30%-40%-50%-ზე, პანდემია გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ეს მიღწეული, შეიძლება დასჭირდეს ერთი წელი, ორი წელი, არავინ არ იცის, მაგრამ ეს არის მთავარი. ვიდრე არ იქნება 60%-ი ვაქცინირებული, პანდემიის დასრულებაზე, ინფიცირების ახალ შემთხვევებსა და ლეტალობაზე ლაპარაკი იქნება სრულიად ზედმეტი.
პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს. მისი ტარების ვალდებულება შეიძლება მოიხსნას ეტაპობრივად, ჯერ ღია სივრცეში, შემდეგ დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით, შესაძლებელია უახლოესი თვეებს განმავლობაში, თუ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციის ცოტა უფრო მაღალ პროცენტს (დღეს ჩვენ გვაქვს 3,5%) არ არის საკმარისი, რომ პირბადეების მოხსნის რეკომენდაცია გავცეთ. პირბადის მოხსნის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინირებულების რაოდენობასთან", - ამბობს ივანე ჩხაიძე.