აშშ-მა ბულგარეთის 3 მოქალაქე და მათი 64 კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა

აშშ-მა ბულგარეთის 3 მოქალაქე და მათი 64 კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა, მათ კორუფციაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ბიზნესმენსა და ოლიგარქს, ვასილ კრუმოვ ბოჟკოვს, ყოფილ პარლამენტარს, დელიან სლავჩევ პეევსკის და მტავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს, ილკო დიმიტროვ ჟელიაზკოვს. ასევე სანქციები დაეკისრა 64 კომპანიას, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვასილ კრუმოვ ბოჟკოვი რუსეთის ხელისუფლებისთვის ბულგარეთის მთავრობაზე გავლენის არხის შექმნას ცდილობდა.

"კორუფცია არა მხოლოდ ართმევს მოქალაქეებს რესურსებს, არამედ მას შეუძლია, დაანგრიოს ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეების დასაცავად არის შექმნილი. მაგნიტსკის გლობალური სასანქციო პროგრამის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვებრძოლოთ კორუფციას, სადაც არ უნდა იყოს ის", - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორის, ანდრეა გაკის განცხადებაში.

სანქციების პირობების თანახმად, "შავ სიაში" შეყვანილ პირებს და კომპანიებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ამასთანავე ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ურთიერთობა.