მნიშვნელოვანია, ბელარუსის წინააღმდეგ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურ-მა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეთა ნაწილი დამატებით ზომებს განიხილავს.
"ძალიან მკაცრი განცხადება გავაკეთეთ. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს. მე ასევე ვიცი, რომ სხვა მოკავშირეები განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა დამატებითი ნაბიჯები გადადგან.
ცხადი უნდა იყოს, რომ როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი იქცევა ისე, როგორც მოიქცა, არღვევს ძირითად საერთაშორისო ნორმებს და წესებს, ჩვენ მათ საფასურს გადავახდევინებთ. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები, როდესაც ისინი შეხვდებიან, ამ საკითხს განიხილავენ თუ როგორ უპასუხონ ბელარუსის მიუღებელ ქცევას, ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიმართ რეაგირებაზე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი და ბელორუსი მჭიდროდ თანამშრომლობენ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.