"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს", - ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით", - განაცხადეს სუს-ში.
ოფიციალურად უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობაზეა საუბარი. თუმცა, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთის სასაფლაოსთან რუსმა ოკუპანტებმა, სამხედრო სწავლების ფარგლებში, რადიოსიხშირეების დაყენება დაიწყეს.
ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები.
"შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ ბუნებრივია ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ჩაერთო საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.