უკრაინის პრემიერი: რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ქმედებებით აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე“, - ამის შესახებ თბილისში მყოფმა უკრაინის პრემიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების ჩართულობით.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების ჩართულობით. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარების და ასევე დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე. ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას და ასევე საქართველოს ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.