ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და უკრაინა ძალიან მოტივირებული ვართ, რომ ძალიან მალე გავხდეთ NATO-ს სრულფასოვანი წევრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ NATO-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები და წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.