ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებები ქუჩის პროტესტებისადმი საჭირო არ არის.

„ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, რომ ქუჩის პროტესტები საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როდესაც ხალხი ქუჩაში წვნიანის ჯამის მოთხოვნით გავა“, – ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში.

სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ბელარუსი იყენებდა სავარაუდოდ იძულებით მოპოვებული აღიარების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.