"დავიხსნათ ბავშვები ტყვეობიდან" , "სად არიან ბავშვები", "ანაფორა იმუნიტეტი არ არის" - ამ ლოზუნგებით საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას ბავშვთა უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სახელმწიფომ დახუროს ნინოწმინდის პანსიონის ტიპის ბავშვთა სახლები და დაიხსნან ბავშვები ძალადობრივი გარემოდან, სასწრაფოდ გამოიძიოს პანსიონთან დაკავშირებული დანაშაულებები და შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში. ამასთანავე ისინი მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადება გაავრცელა.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.