სენატორი ჯინ შაჰინი: მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს

„მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრებზე ერთმნიშვნელოვანად გაჟღერდა, რომ საქართველო თავის მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად.

„ეს არის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პოსტკოვიდურ გარემოში. ეს ვიზიტი ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ იმის გამო, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს და საქართველოსთან პარტნიორობას.

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს და პარლამენტის სხვა წევრებს. საღამოს შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს. შუადღისას შევხვდით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს.

ერთ-ერთი, რაც ყველა შეხვედრის დროს გვესმის, არის ის რომ საქართველო თავის მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად.

ჩვენ მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და რეფორმების შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს.

დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გავსულიყავით და უშუალოდ გვენახა ადმინისტრაციული საზღვარი. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსის ჯარი და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება, მიიღინ ჯანდაცვის მომსახურება და განათლება", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

როგორც სენატორმა აღნიშნა, რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მის მეზობლად მდებარე სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს.

„სწორედ ამიტომ ვუჭერთ საქართველოს მხარს, საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეტად შეძლონ თავიანთი უფლებების გამოვლენა. აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.