თამარ კორძაია "რესპუბლიკურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც კორძაია წერს, პარტიას "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილების გამო ტოვებს. ამ გადაწყვეტილებით პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფში" ფრაქციაში გაერთიანდა:
,,გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6–წლიანი თანამშრომლობა “რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით, პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების”, - წერს კორძაია Facebook-ზე.
ის “რესპუბლიკურ პარტიას” წარმატებებს უსურვებს, ხოლო თავად პარლამენტში საქმიანობას როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი გააგრძელებს.
“რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია - პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა.