ნათია თურნავა: საწვავის ფასი კი გაიზარდა, მაგრამ ეს ქუჩაში მოძრაობაზე არ ასახულა, დიდია ტრაფიკი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საწვავის ფასების გაზრდაზე ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა - იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაზრდილმა ფასმა და ლარის კურსმა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. მისი თქმით, ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება. თურნავა ვარაუდობს, რომ საწვავის ფასი ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად შემცირდება.

"ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი ფასი ამაზეცაა დამოკიდებული, ეს ფაქტორი არსებობს და მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ეს იმპორტული საქონელია და რა თქმა უნდა ლარის კურსი ამაზე აისახებოდა, თანდათან შესუსტდება, აქაც ველოდებით, რომ დასტაბილურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს", - განაცხადა მინისტრმა.