ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.

დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

1. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი

2. დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

3. უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი, როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამავდროულად ვიდეოში ისმის ბავშვის ტირილის ხმაც.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს