უცხოეთი

ანტონიუ გუტერეში: COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება

COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს. "COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. რამდენადაც ჩვენ ამჟამად ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ის ყურადღება და მივცეთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი

ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უცხოურ მედიასთან განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში. „ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ტერიტორიული მთლიანობა. ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, დავაწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. კითხვაზე, დაუწესებენ თუ არა სანქციებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინს, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ კონკრეტულ სანქციებზე საუბარი არ სურს. „კონკრეტულ სანქციებზე საუბარს არ ვაპირებ. გავიმეორებ, რომ სანქციების ტიპი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სანქციები, რომლებიც აქამდე არ დაგვიწესებია,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„თალიბანმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალა

"ავღანეთში „თალიბებმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს", - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, მძღოლებს ეკრძალებათ, ავტომობილში ქალი ჰიჯაბის გარეშე იჯდეს. შეგახსენებთ, აგვისტოში „თალიბებმა“ ავღანეთის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. „თალიბანმა“ ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნები „თალიბანს“ ავღანეთის კანონიერ ხელისუფლებად არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათთან მომავალი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაიცავენ ავღანეთში ადამიანის უფლებებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებთან რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოჩართვით 20-ზე მეტი დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორის და კონგრესმენისგან შემდგარ ჯგუფს ესაუბრა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი ვითარება იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია არსებული მოლაპარაკებების ფორმატებში – ნორმანდიის, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფისა და მინსკის პროცესის ფარგლებში მშვიდობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. „ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ გადამწყვეტი მოქმედება. ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა. შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების წარმოდგენა დონბასში ომის დასრულების გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჩინეთში COVID19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 164 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირების მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში 9 აგვისტოს დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ინფიცირებულებს შორის 73 უცხო ქვყნებიდან ჩასული მგზავრები არიან. 23 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონ მოსახლეს ქალაქის დატოვება აეკრძალა. ადგილობრივები სიანის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დამსაქმებლისგან სპეციალური ნებართვა ექნებათ და ამასთან, კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ამასთან, ახალი რეგულაციის მიხედვით, სახლიდან გასვლა ყოველ მეორე დღეს თითოეული ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ექნება, რომელიც პროდუქტების შეძენის შემდეგ პირდაპირ სახლში უნდა დაბრუნდეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 25 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 4 636 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანმო: COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა

COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ვირუსის შემთხვევები დასტურდება, „ომიკრონი“ ვრცელდება მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი“. „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ორ-სამ დღეში ორმაგდება. მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკის, გაერთიანებული სამეფოსა და დანიის ადრეული სტადიის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შტამს აქვს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე „დელტას“. პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 122 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 23 000-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტით არის ინფიცირებული.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად

სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება ერევნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია და აზერბაიჯანთან მიმდინარე ყველა მიმდინარე დისკუსია შეიძლება, ამ კუთხით განიხილებოდეს. ფაშინიანის თქმით, საინფორმაციო ქაოსის გამო, როგორც ჩანს, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის წინააღმდეგია, მაგრამ მისი განცხადებით, ეს ასე არ არის. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთთან სამომავლო ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ თუ სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა მოსკოვში გამართულ ე.წ. 3+2-ის ფორმატით ჩატარებულ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრიდან დადებითი შთაბეჭდილება აქვს, რაც არ ნიშნავს, რომ რისკები არ არის. „ზოგადად „3+2“ ფორმატი შეესაბამება მთავრობის პროგრამის პოზიციას, რომ ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ საუბრებში. თუ ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, მაშინ ჩვენ უკვე მოვილაპარაკებთ თურქეთთან. ჩვენი დიალოგი ირანთან მუდმივია. რუსეთის ფედერაცია ჩვენი მუდმივი პარტნიორია. ალოგიკური იქნება, რომ ამ გარემოში არ გვსურდეს საუბარი, თუ ყველასთან ცალ-ცალკე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ პაროსიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. სანაპირო დაცვამ 62 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, დანარჩენების ძებნა კი მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში სანაპირო დაცვის ხუთი საპატრულო კატარღა, ცხრა კერძო ხომალდი, ვერტმფრენი, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და სანაპირო დაცვის მყვინთავები არიან ჩართული. მედიის ინფორმაციით, ადამიანების კონტრაბანდით დაკავებული პირები თურქეთიდან იტალიამდე სახიფათო მარშუტს ირჩევენ, რამაც ბოლო სამ დღეში მესამე ტრაგედია გამოიწვია და მინიმუმ 27 მიგრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა

ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა. წმინდა პეტრეს ტაძარში ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულო მესას ასობით ადმიანი დაესწრო. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მათ პირბადეები ეკეთათ და დისტანციას იცავდნენ. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში ყურადღება გაჭირვებულების დახმარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ღმერთი კაცობრიობას ასწავლის, რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია და არა ძალაუფლებასა და სიმდიდრეში. პონტიფიკოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებზე და გაჭირვებულებზე. „მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ წარმატების მოპოვებაში. ღმერთს არ სურს ძალაუფლება და ძალა, ის ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს. სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ქრისტეშობას – მცირედი მადლი. ღმერთი გვასწვალის, რომ მცირედით მოიპოვება სიდიადე“, – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.

მსოფლიო პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას Reuters-ი პატრიარქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 81 წლის პატრიარქი ბართლომე ორჯერ არის აცრილი.

საფრანგეთში COVID19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 91 608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, საფრანგეთის საავადმყოფოებში კიდევ 179 ადამიანი გარდაიცვალა, რეანიმაციულ განყოფილებებში კი კოვიდ პაციენტების რაოდენობამ 3 208-ს მიაღწია. „დღევანდელი მაჩვენებლები არ არის კარგი”, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა, რომელმაც წინა კვირაში საზოგადოება გააფრთხილა, რომ ყოველდღიური შემთხვევები ქვეყანაში მალე 100 000-ს მიაღწევდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ „ბუსტერ“ დოზით აცრის კამპანია ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღას შეაჩერებს და მკაცრი, ახალი შეზღუდვების დაწესებას ააცილებს თავიდან.

სერგეი ლავროვი: კიევის NATO-ში ძალით შეყვანა ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სერიოზულ სამხედრო რისკებს აჩენს

რუსეთის საზღვრებთან დამრტყმელი სამხედრო კომპლექსების გამოჩენის პერსპექტივა და კიევის NATO-ში ძალით შეყვანა ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სერიოზულ სამხედრო რისკებს აჩენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოსნია-ჰერცეგოვინის გაზეთ „ოსლობოჯენესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის თქმით, ამერიკელები რუსეთის მიმართ ღიად არამეგობრულ ხაზს ატარებენ: აწესებენ სანქციებს, აყენებენ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და დგამენ სხვა მტრულ ნაბიჯებს, რაც ტოქსიკურ გარემოს ქმნის და მშვიდი, პროფესიული კომუნიკაციის დამყარებას ხელს უშლის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია კონფრონტაციის გრადუსის შემცირება, რომელიც მისი თქმით, ამერიკელების მიერ უკრაინელი პროტეჟეების მფარველობით არის გამოწვეული. „კიევის ნატო-ში შეთრევის კურსი ჩვენს საზღვრებთან თავდასხმის სარაკეტო სისტემების გამოჩენის პერსპექტივით ქმნის მიუღებელ საფრთხეებს რუსეთის უსაფრთხოებისთვის, რაც სერიოზულ სამხედრო რისკებს იწვევს ყველა მონაწილე მხარისთვის, ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის კუთხით“, – აღნიშნა ლავროვმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პარკ გინ ჰე შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასჯელს იხდიდა. პარკ გინ ჰე გახდა სამხრეთ კორეის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პარლამენტის კენჭისყრას მისი იმპიჩმენტის შესახებ. 2018 წელს პარკ გინ ჰე დააკავეს და 24 წელი მიუსაჯეს. მაშინდელი სკანდალის ფარგლებში, ასევე დააპატიმრეს ორი კონგლომერატის, მათ შორის „სამსუნგ ელექტრონიქსის“ ხელმძღვანელები. კერძოდ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში, კონგლომერატებიდან ათეულობით მილიარდ ვონს (სამხრეთ კორეის ეროვნული ვალუტა) იღებდა, აღნიშნული თანხით კი მის მფლობელობაში არსებულ არაკომერციულ ფონდებს აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით მსჯავრდებულია სამხრეთ კორეის კიდევ ერთი პრეზიდენტი, ლი მენ ბაკი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი პარკ გინ ჰემდე იყო, თუმცა მისი შეწყალების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიის უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანიის, „სიბურ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფიიონი დამოუკიდებელი დირექტორია. 2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის, „ზარუბეჟნეფტი“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. ფიიონს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. 2017 წელს ფრანსუა ფიიონი კენჭს იყრიდა საფრანგეთის პრეზიდენტად. ფრანგული მედია ხშირად წერდა ფიიონის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობრულ ურთიერთობაზე. 2018 წელს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ფიიონს და პუტინს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

გერმანია და საფრანგეთი მხარეებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებენ

გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ როგორც უკრაინის სამთავრობო ძალებს, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, პატივი სცენ ცეცხლის სრული შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და გააგრძელონ დისკუსია ჰუმანიტარულ სფეროში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, როგორიცაა გადასასვლელების გახსნა და დაკავებულთა გაცვლა“, - განაცხადეს სამინისტროებმა. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას მიესალმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამ NATO-სთან, საშიშ დონეს მიაღწია

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სასაზღვრო კრიზისმა, ისევე, როგორც მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამ NATO-სთან, საშიშ დონეს მიაღწია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ჩვენ არ უგულებელვყოფთ ჩვენს პრინციპებს და მჭიდრო ურთიერთობას უკრაინასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფართო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქი დიპლომატის თქმით, ანკარას დიპლომატია იმ არსებული გარემოებების მიხედვით ხორციელდება, რომელსაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს. „რთული სამუშაოა, მაგრამ დიპლომატია სწორედ ამისთვისაა“, – დაამატა მან. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის ხელისუფლება იმგვარ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ემყარება ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, ადგილზე არსებულ რეალობას და შესაძლებლობებს.

იტალიამ COVID19-ის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვები გაამკაცრა

იტალიამ, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აიკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ. ამასთან, 31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და ღია ცის ქვეშ სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან ბირთვული დიპლომატია შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს. 22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. "საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ დროის ჩარჩოებზე და ისინი არ არის ხანგრძლივი", - თქვა მან. როცა ჟურნალისტებმა დაკონკრეტება სთხოვეს, სალივანმა აღნიშნა, რომ საუბარი "კვირებს" ეხება. სალივანის განცხადებების ფონია ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეთა ცნობები, რომ ხელშეკრულების აღდგენის მიზნით გამართული შეხვედრები ნელი ტემპით მიმდინარეობს. აშშ გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დროის მონაკვეთი, რომელიც ირანს დასჭირდება ბირთვული იარაღის შესაქმნელად, "დაუშვებლად შემცირებულია". თეირანი უარყოფს ცნობებს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება შემდეგ კვირაში უნდა განახლდეს.

ვლადიმერ პუტინი: არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე

"ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის სტაბილურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მონაკვეთზე, ამ მიმართულებაზე, ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობების გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ NATO-ს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს. ბურთი მათ მხარეს არის, მათ რამე უნდა გვიპასუხონ. ამასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად, ვხედავთ ჯერჯერობთ დადებით რეაქციას. ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მზად არიან ამ მოლაპარაკებებისთვის წლის დასაწყისში ჟენევაში. მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები ორივე მხრიდან დანიშნულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია სწორედ ამ გზით განვითარდება. ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ დღეს და ისტორიული პერსპექტივით რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, NATO-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. „ჩვენ მკაფიოდ და ნათლად მივანიშნეთ, რომ NATO-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ დავაყენეთ რაკეტები აშშ-ის საზღვრებთან? არა, ეს აშშ თავისი რაკეტებით მოვიდა ჩვენს სახლთან, უკვე ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფებიან. ნუთუ ეს არის რამე გადაჭარბებული მოთხოვნა, აღარ დააყენონ არანაირი დარტყმითი სისტემები ჩვენ სახლთან? რა არის აქ უჩვეულო? როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამერიკელებს, ჩვენ რომ აშშ-სა და კანადის, ან აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ჩვენი რაკეტები განგვეთავსებინა? რა, მექსიკა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა ტერიტორიული საკითხები? ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი ხომ, მიჩუმდა, არავის ახსენდება ეს ისე, როგორც ყირიმი ახსენდებათ. მშვენიერია. ვცდილობთ, არ გავიხსენოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა უკრაინა, ვინ შექმნა ის? ლენინმა, როდესაც საბჭოთა კავშირს ქმნიდა. თუმცა დავანებოთ თავი ისტორიას, ახლა საქმე ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყაზახეთის პარლამენტმა სიკვდილით დასჯა გააუქმა

ყაზახეთის სენატმა ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის, გამოყენებას ითვალისწინებდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც სიკვდილით დასჯის აკრძალვის კანონს ჯერ კიდევ იანვარში მოაწერა ხელი. ქვეყნის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ შესაბამის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით სიკვდილმისჯილებს უმაღლესი ზომა უვადო პატიმრობით შეეცვლებათ. ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა დაახლოებით 17 მუხლი, მათ შორის უმაღლესი ზომით ისჯებოდა ტერორიზმი, ომის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაული და ქვეყნის პრეზიდენტსა და ქვეყნის პირველ ხელმძღვანელ ნურსულთან ნაზარბაევის სიცოცხლეზე ხელის აღმართვა. 2003 წლიდან ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული იყო მორატორიუმი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებს ჩვეულებრივად გამოჰქონდათ სასჯელის უმაღლესი ზომა.