საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიის უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანიის, „სიბურ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფიიონი დამოუკიდებელი დირექტორია.
2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის, „ზარუბეჟნეფტი“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.
ფიიონს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. 2017 წელს ფრანსუა ფიიონი კენჭს იყრიდა საფრანგეთის პრეზიდენტად. ფრანგული მედია ხშირად წერდა ფიიონის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობრულ ურთიერთობაზე. 2018 წელს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ფიიონს და პუტინს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.