ეკონომიკა

კელი დეგნანი: 2020 წელს აშშ 3 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოში იძულებით გადაადგილებულებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 2020 წელს აშშ 3 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოში იძულებით გადაადგილებულებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს. ამის შესახებ ელჩმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. "შეერთებული შტატები მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ლტოლვილების, დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა პირთათვის. მხოლოდ საქართველოში, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა 3 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს კოვიდის საპასუხოდ პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე, გასული წლების განმავლობაში არაერთი პროგრამით დავეხმარეთ საქართველოში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი პირობების, ჯანდაცვის, საყოფაცხოვრებო პირობებისა და სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფით. ასე რომ, დღევანდელი ღონისძიება მართლაც მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და იმის დასადასტურებლად, რომ აუცილებელია დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს უკიდურესად სჭირდებათ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა და განცხადებას ავრცელებს. „მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარება შევაჩერეთ, აბსურდია. გასულ კვირას, აშშ-რუსეთის სამიტის წინ, ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 150 მილიონი დოლარის პაკეტი გამოვყავით, მათ შორის ლეტალური იარაღი. ჩვენ ახლა მივაწოდეთ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა. სამიტამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ნატოს სამიტზე მთელი მსოფლიოს წინაშე თქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რათა მან შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის ფიზიკური აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მოვამზადეთ სარეზერვო თანხები უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ ურყევი ვიქნებით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. წყაროების ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების გაყინვის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტამდე მიიღო. წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აღნიშნული პაკეტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჯარებს გაიყვანდა უკრაინის საზღვრიდან.

კელი დეგნანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესები და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს

„აშშ ძალიან ამაყია, რომ განაგრძობს წვლილის შეტანას საქართველოს ძალისხმევაში, გახდეს სტაბილური და წარმატებული დემოკრატია სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკური ერების ოჯახში“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „საქართველო: ხედი სილიკონის ველიდან", რომელსაც სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო მასპინძლობდა. კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს კი არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის, რომელიც მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. „ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესი და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს და ძლიერ ინოვაციებს. მათ სურთ სანდო, ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა. ამერიკის საელჩო აქ არის, რომ დაეხმაროს ამერიკული და ქართული ბიზნესების დაკავშირებას. მე ველი ეკონომიკური წინსვლის გაგრძელებას, რომელიც ვნახეთ და ჩვენს ძლიერ ჩართულობას ამ სფეროში“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა. „დიჯიტალიზაციის პროცესი დაჩქარდა და ქმნის შესაძლებლობებს სტარტაპ სექტორში. საქართველო ავითარებს ტექნოლოგიურ ბაზარს, რომელიც აშშ-ის ბიზნესს ინვესტიციებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ელჩის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით. „სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მხარს უჭერენ სასამართლო რეფორმას და შეერთებული შტატები ამ ძალისხმევას ეხმარება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ქართველებს სულ უფრო მეტად ესმით, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ღონისძიებაზე განიხილავდნენ გლობალური გაციფრულების მიმდინარე ტრენდებსა და მის გავლენას სწრაფად განვითარებად სამყაროზე. ასევე, განიხილეს ტექნოლოგიისა და ინფორმაციის ხანაში ადაპტაციის გადაუდებლობის მნიშვნელობა.

ნათია თურნავამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროექტი განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, დავით თვალაბეიშვილი, გურამ გურამიშვილი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში, მათი სარგებლიანობა და შესაძლებლობები. აღინიშნა ის დიდი როლი, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროექტზე (GENIE), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. პროექტის ბიუჯეტია 23,5 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიმართულია ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისკენ, მათთვის განვითარების სხვადასხვა პროგრამების ინიცირების და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ Covid-19 - ის პანდემიამ გაზარდა საზოგადოების მოთხოვნა ციფრულ სერვისებზე, ამდენად, პროექტმა GENIE განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, შეხვედრაზე დაისვა აღნიშნული პროექტის გაგრძელების საკითხი. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებს და მიმართულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ, Log-in Georgia - ია. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება 2020 – 2025 წლებისთვის. აღინიშნა, რომ პროექტი Log-in Georgia - ს მიზანია, სტრატეგიით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ციფრული სერვისების გამოყენებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელთაც მსოფლიო ბანკი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აგრეთვე ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიზნით ახორციელებს. აგრეთვე აქცენტი გაკეთდა სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ანა ბიერდე ეწვია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი

საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და საქართველო მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც დაეხმარება საქართველოს, ვაქცინაციის კუთხით. "ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა საქართველოში ხორციელდება, ვაქცინაციის კუთხით და ეს არ არის ერთი არხი, ერთი საშუალება. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში. ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს და ჩვენ საქართველოს ამ კუთხით დიდი სიამოვნებით ვეხმარებით. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს სეგმენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დახმარება იქნება აქტუალური. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და ის მალე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგს და პროგრამას ჩვენ დიდი სიამოვნებით მხარს დავუჭერთ“, -განაცხადა ანა ბიერდემ. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი დაეხმარება საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და ბევრი სხვა მიმართულებით. "მიგვაჩნია, რომ გაციფროვნება და ციფრული ეკონომიკა არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას. ჩვენ უკვე ვეხმარებით საქართველოს Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. ეს პროგრამა გულისხმობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად მრავალი ათასი ადამიანის ჩართულობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტში და ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების კუთხით მიმაჩნია, რომ ამბიციური პროგრამა და გეგმა არსებობს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სიღრმისეული მიმართულება არსებობს კონკურენციის და დინამიური ეკონომიკის განვითარების კუთხით. და ბოლოს, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებას, არის კიდევ რამდენიმე სექტორი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კლიმატის ცვლილებები და ამ მიმართულებით მედეგობის განვითარება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არასოდეს მოვაშორებთ თვალს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ აქაც ძალიან გვახარებს, რომ რეაგირების ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ძალიან კარგი იყო, ეხმარებოდა ქვეყანას და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ანა ბიერდემ.

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით

ქალბატონ ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბანკთან აკავშირებს. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მე მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. მთავრობა აქტიურად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე პირველი დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უკვე მათ შორის ჩვენი ძალიან წარმატებული დონორისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და მე მას ვთხოვე აქტიურად ჩართვა ამ პროცესში, რათა მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, იმისათვის რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფრენები აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე განხორციელდება, რაც ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 1 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით შესრულდება: • აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი - კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 ივნისს მიენიჭა. Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო. „ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოხარულები ვართ, რომ 1 ივლისიდან ახალი მიმართულება გვემატება. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, ავიაბაზარზე უკვე შემოვიდა ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

Google-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ

აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ. შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა გადაღებებისა, Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგი გამართა, სადაც Google-ის ონლაინ ხელსაწყოების, ფოტო გადაღებებისა და Google-ის რუკის მოხმარების შესახებ ისაუბრეს. რეგიონის გაციფრულებას ფოტოგრაფები დღეს დაასრულებენ. აჭარის განახლებული მასალები Google-ის რუკაზე კი ორი კვირის განმავალობაში აიტვირთება. „ძალიან აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოა Google-ის წარმომადგენლებმა აჭარაში. მათ შეძლეს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება. ორი კვირაში რეგიონით დაინტერესებულ პოტენციურ ვიზიტორებს უკვე საშუალება ექნებათ Google-ის რუკის მეშვეობით ვირტუალურად იმოგზაურონ ძველი ბათუმის ქუჩებში, ჩვენს ეროვნულ პარკებში, სანაპირო ზოლში სარფიდან ქობულეთამდე. ეს ყველაფერი გაზრდის რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას გუგლის პლატფორმაზე, შესაბამისად კი ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს ზრდიან. მისი თქმით, ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე. „ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი „ბაქო-თბილისი-ბაქოს“ მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 20 ივლისამდე ეს იქნება კვირაში ხუთი ფრენა, 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება - საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდის თაობაზე. „ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავა: "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე

"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, ევროპელი მედიატორის ჩართულობით ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან ველოდებით დადებით ​კონტრნაბიჯებს", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით შეხვედრა დღეს ონლაინფორმატში გაიმართება. "ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შსს-მ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი ​კონტრნაბიჯები ​წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან. ასევე დაცული იქნება სხვადასხვა უფლება და კანონმდებლობა, მათ შორის დაცული იქნება კერძო საკუთრების უფლება. არ იქნება გზების ბლოკირება. მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე. პროცესი მიდის პოზიტიურად", – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქსტატი: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ, წინა წელთან შედარებით, 4.5% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 6.8 პროცენტით. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54.0 პროცენტი), მშენებლობა (-19.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9.0 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34.0 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24.0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8 პროცენტი). ამასთან, უწყების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.8 პროცენტი).

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებში $20 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში. მიღებული თანხა მოხმარდება ტირაჟირებული ევრობონდების რეფინანსირებას, რომელიც რკინიგზის ხაზების გაუმჯობესებისთვის იქნა გამოშვებული და მიმდინარე მოდერნიზაციის შემადგენელი ნაწილია. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი მწვანე ობლიგაციების ნაწილს. ეს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ორგანიზაციის და ამავდროულად სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. “საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანს ქმნის,“ — განაცხადა შანტანუ ჩაკრაბორტიმ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების დირექტორმა. — “მწვანე ობლიგაციების გამოშვება საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს განაგრძოს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, რადგან ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი და უსაფრთხო სარკინიგზო ტრანსპორტი.“ “ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერას წინ უძღოდა ADB-ის ტექნიკური დახმარება, რომელიც საქართველოს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დაგეგმვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,“ — განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში. საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფერაძემ აღნიშნა, რომ ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. :„მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ტრანსპორტის ორგანიზაციების ისტორიაში, საქართველოს რკინიგზამ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. მადლობას ვუხდით ADB-ის, რომელმაც როგორც წამყვანმა ინვესტორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, - განაცხადა ფერაძემ. საქართველოს რკინიგზა ერთადერთი სარკინიგზო კომპანიაა საქართველოში და მისი 100%-იანი წილის მფლობელია საპარტნიორო ფონდი — საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდი. საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას, სხვადასხვა სახის ტრანსგადაზიდვას უმეტესად კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან შავ ზღვამდე. ის ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო მგზავრთა მომსახურებას. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ“ საგრანტო შეთანხმება USAID-ის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, გრანტის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს 330,5 მლნ აშშ დოლარამდე. საკითხი პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7,7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად. მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ხარჯვა რამდენიმე მიმართულებით მოხდება. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, გათვალისწინებულია 14,5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია გაიზარდოს 79,4 მლნ დოლარამდე. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 25, 9 მლნ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. ამ მიმართულებაზე გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი.

Reuters-ი: ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ დიპლომატიურ წტაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს. როგორც ცნობილია, სანქციები, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს უკავშირდება, ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს დაამტკიცეს, საგარეო მინისტრები კი მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ. დიპლომატების თქმით, ახალი სანქციების სამიზნე შვიდი ადამიანია, რომლებსაც ბელორუსის საავიაციო სექტორთან კავშირი აქვთ. დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ელჩები ასევე შეთანხმდნენ სანქციების მეოთხე პაკეტზე, რომელიც, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ, 70-ზე მეტი პირისთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ეს პაკეტი 23 მაისამდე მზადდებოდა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ენერგო ბაზრის განვითარების მიზნით USAID-ი ახალ პროგრამას იწყებს

ენერგო ბაზრის განვითარების მიზნით USAID-ი ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას USAID/საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“ დაწყება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წინ გადადგმული მნიშნველოვანი ნაბიჯია. პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს Deloitte Consulting. პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რეფორმებს და კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რასაც შედეგად საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ელექტრიენერგიის წარმოების ობიექტების შექმნა მოჰყვება. დაგეგმილი ღონისძიებები USAID-ის სტრატეგიულ მიზნების ნაწილია, რომელიც საქართველოს ოჯახებს და ბიზნესებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი ელექტროენერგიით. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მედეგობა გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულების და კიბერშეტევების წინააღმდე. USAID-ის სტრატეგია: აქცენტი მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილ მედეგობაზე. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს ქვეყნის მედეგობა- გააძლიეროს ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა და დანერგოს პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია საზოგადოების გარე მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მათ შორისაა რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა. „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება. ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულირების ვალდებულებების დაკმაყოფილებით ეს პროგრამა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას“- აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID გააღრმავებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას და კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავა. გამჭირვალობის, კონკურენციის და ევროპის ენერგო საზოგადოებასთან ინტეგრაციით, პროგრამა საქართველოს ენერგო სექტორს კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მდგრადობასა და დამოუკიდებლობას.

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობითმ პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში 1 სიხშირით შესრულდება, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ფრენები კვირაში 2 სიხშირით (ორივე რეისი სამშაბათს) განხორციელდება. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდე საქართველოს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორდღინი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება. „მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ის ასევე შეხვდება პარტნიორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ანა ბიერდე ასევე ესტუმრება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდება. შვედეთის მოქალაქემ ანა ბიერდემ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის 1-ელ მაისს დაიკავა. ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 256 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით, ანუ 53.5 ლარით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი, (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

საქსტატი: საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებშია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით, ანუ 53.5 ლარით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი, (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

იაპონიის ელჩი: ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ

"ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ", - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენთვის მთავარია მოვახდინოთ დამაკავშირებელი არხების გაძლიერება აზიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქუთაისისა და დარიალის პროექტები რომელიც იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობით განხორციელდა. ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას უსმენენ. იაპონიის ელჩი: იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს