სამართალი

საია: ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე - ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ასევე ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. როგორც ცნობილია, საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 03 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. გარდა უფლებების დარღვევის შესახებ შეკითხვებისა, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირისგან მხოლოდ 3 პირს აქვს მინიჭებული. იმ პირობებში, როდესაც ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების საჩივრების არსებითი განხილვა, საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით. ამნისტიის შესახებ კანონი საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულებას.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს 9 კანდიდატი წარედგინება: 1. გიორგი გოგიაშვილი; 2.გოჩა აბუსერიძე; 3.ლევან თევზაძე; 4.ქეთევან მესხიშვილი; 5.გიორგი შავლიაშვილი; 6.რევაზ ნადარაია; 7.ბიძინა სტურუა; 8.ეკა ზარნაძე; 9.ლაშა ქოჩიაშვილი. როგორც ცნობილია, კენჭისყრაში საბჭოს 14-დან 12 წევრი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯამში 100-ზე მეტ მოსამართლის ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. უფრო კონკრეტულად, საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენასთან, 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ევროსასამართლომ  რუსეთის წინააღმდეგ "რადიო თავისუფლების" სარჩელი განსახილველად მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რადიო თავისუფლების" სარჩელი განიხილა, რომელიც წარმოადგენს მედიაკორპორაცია "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებისა" და მისი გენერალური დირექტორის ანდრეი შარის ინტერესებს. საერჩელი ეხება მრავალმილიონიან ჯარიმებს, რომლებიც "რადიო თავისუფლებასა" და მედიაკორპორაციის სხვა პროექტებს დააკისრა როსკომნადზორმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიხედვით. მოსარჩელეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კანონმდებლობის გამოყენება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს. 2021 წლის იანვარ-მარტში როსკომნადზორმა სასამართლოს გადაუგზავნა 520 ოქმი რთე/რთ-ის მიერ კანონის დარღვევების შესახებ, ივნისის შუა რიცხვებში კი 130 ახალი ჯარიმის გაფორმება დაიწყო. ჯარიმების საერთო ღირებულება 140 მილიონ რუბლს აღემატება (თითქმის 2 მლნ დოლარი). შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთმა “რადიო თავისუფლება” უცხოეთის აგენტთა კანონით 150 000 დოლარით დააჯარიმა მოსკოვის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ საჩივრები, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ, არ დააკმაყოფილა მოსკოვში, რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს რადიო თავისუფლებამ რუსეთს ევროსასამართლოში უჩივლა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება. წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების - გ.ა.-ს, გ.გ.-ს, გ.ჩ.-ს, მ.ც.-ს და დ.დ.-ს მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა რამოდენიმე იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. 2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა: 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში. ამავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით, შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ, 155 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი. ამავე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებული იქნა 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა. 2021 წლის 15 ივნისს, დაკავებული იქნა დანაშაულში მონაწილე ხუთი პირი - გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ, რომელთაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო ორგანიზატორის ფ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლითა და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

PHR: სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო

ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი და 2 წლის წინ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო. "სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი. საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა. სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით". - ვკითხულობთ PHR-ის განცხადებაში.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა. "ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება საკუთრების უფლება, განათლების უფლება დამიმოსვლის თავისუფლება. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის მსგავსად, რომელიც საქართველოს ისტორიული გამარჯვებით დასრულდა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების ეფექტიან დაცვას მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში. აღნიშნულ საჩივარზე წარმოება დროებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე (ე.წ. “ომის საქმე“) გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შედის

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება პირის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე უარის განცხადებასთან, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნასთან და ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. კოდექსით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. საკითხის მომხსენებელმა, ინიციატივის ერთერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უკეთ ფუნქციონირებას, ცვლილებებით ზუსტად განისაზღვრება თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა. ცვლილებების თანახმად ასეთად მიიჩნევა ის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პირი სასამართლოს წარუდგენს დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება, რომ ის ასრულებს ისეთ სამუშაოს, როლის .

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, 2021 წლის 7-9 ივნისის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა რუსეთს განუსაზღვრა საბოლოო ვადა - მიმდინარე წლის 6 სექტემბერი - რათა ამ ვადაში განხორციელდეს კომპენსაციის გადახდა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით. "როგორც ცნობილია, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს აღესრულებინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება. მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე 2021 წლის სექტემბერში განაახლებს. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 13 ადამიანი, თბილისში, თელავსა და ქუთაისში დააკავეს. „ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. ( მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. დანაშაულები 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ზ. მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან. მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ – ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს – მ.მ.-ს დაავალა. ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, პოლიციამ ოთხი ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მასშტაბური ოპერაცისას რამდენიმე ქვეყანაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გლობალური ოპერაციისას რამდენიმე ქვეყანაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რეიდის დროს ამოღებულია ნარკოტიკები (8 ტონა), იარაღი, ნაღდი ფული, ძვირადღირებული მანქანები. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავსტრალიის, ევროპის პოლიციისა და FBI-ს მიერ ერთობლივად აზიის რამდენიმე ქვეყანაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ერთობლივად ჩატარებული ოპერაცია ყველაზე მასშტაბურად ფასდება. ოპერაცია „მწვანე შუქი/ტროას ფარი“ 2018 წელს დაიწყეს.

გიორგი გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. განცხადების ავტორები რეაგირებას ითხოვენ, როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება „პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ“. გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, ირაკლი კობახიძის უმძიმეს განცხადებას სამართლებროვი რეაგირება უნდა მოჰყვეს. „ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება, საკუთარ პოლიციას, გმირ პოლიციელებს, ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამაზე არ აგოს პასუხი. დღეს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს პასუხი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებით კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე მიიღეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ისახავდა მიზნად ხელისუფლების აყირავებას და ასევე, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.

სასამართლოს დროებითი განჩინებით, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ. დროებით განჩინებაშია ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დროებითი განჩინების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ისეთი ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას. „განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვროს ვადა-10 დღე და განემარტოს, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე“, - აღნიშნულია დროებით განჩინებაში. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა.

ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან. "საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას. დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 1. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი 2. დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 3. უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი, როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამავდროულად ვიდეოში ისმის ბავშვის ტირილის ხმაც. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს

ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების წესი იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახალი ჩანაწერით მკაცრდება პირობა, რის გამოც პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე. მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა არ შეფერხდეს და დროში არ გაჭიანურდეს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება. ასევე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით, ნაცვლად 150 პირისა, როგორც ეს ამჟამად მოქმედი ნორმით არის გათვალისწინებული. კანონპროექტი ითვალისწინეს პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხსაც, კერძოდ: ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე, განსაზღვრულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას, აგრეთვე, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს განკარგულებით დააკისრებს ჯარიმას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულების ერთჯერადად გასაჩივრება.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ თავად უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შს სამინისტორს განცხადებით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი. აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება. 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადება გაავრცელა. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.

ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ეკომიგრანტებისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი.იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - აღნიშნულია სუსის ინფორმაციაში.

პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 1985 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელეს. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა. თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გუმათში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია ინფორმაციაში.