სამართალი

შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულია აქციის 11 მონაწილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს. რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბული იყო. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა სცადეს. მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გარემოს ეროვნული სააგენტო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე: დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება  

მედია: ესპანეთში „ქართული ორგანიზაციის“ 30 წევრი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში ჩატარდა. გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.  

თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.  

შშმ პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები ქონების გაფლანგვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები, 2021-2022 წლებში, საწარმოს წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში, მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად „ხასიკო“). „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად „ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,“ - ნათქვაიმია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.  

აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.  

პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური ცნო. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.  

საგარეჯოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.  უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

გურიაში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.  

სუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოდან იტალიაში, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე დააკავეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა. „იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიის რესპუბლიკაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პირი და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შსს: რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.უწყების განცხადებით, “შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“ „ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მედია 8 ნოემბერს წერდა, რომ რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка-ს" აქტივისტი რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა. უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა, ის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.  

34 800 კგ მანდარინი სარფის საბაჟოდან თურქეთში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

სარფში მანდარინებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ავეჯის დამამზადებელი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის მიმართ ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. „ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. კომპანია „დემეს“ წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ს ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას, ჯამში, 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. „ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრედიკატ დანაშაულზე - PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ ერთობლივი, წარმატებული, ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა, არაერთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ. ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ძირითადად, შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე „ქოლ-ცენტრის“, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს. ერთობლივი გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს პროკურატურაში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირების, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროჯასტმა აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: https://www.eurojust.europa.eu/news/actions-across-europe-against-online-fraud-cryptocurrencies  

ბრალდებული ათობით მოქალაქეს ტურისტული ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და თანხებს თაღლითურად დაეუფლა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაჰპირდა. ბრალდებული წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას - 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა. „სამართალდამცავებმა ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით გამოძიებას აგრძელებს, რის შემდგომაც შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო BMG- ავრცელებს. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს. იურისტი და MKD Law-ს პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია „Металлоинвест“ წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. სანქციების გამო უსმანოვს ფინანსებთან წვდომა შეზღუდული აქვს. იურისტის თქმით, ამ მოქმედებისთვის სამართლებრივი ბაზა არ იყო საკმარისი. კომპანია MKD Law-ს განცხადებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა, თუმცა პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, უსმანოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს - დასავლეთის ქვეყნები მას კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქად მიიჩნევენ და აგრესიის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. სანქციების გამო დაყადაღებულია უსმანოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე იახტა Dilbar, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებული სტრუქტურებს ეკუთვნის. თავად უსმანოვს ომზე საჯაროდ არ უსაუბრია, მან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა. გამოცემა Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ცნობისთვის, MKD LAW საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმეში.  

ვაკის პარკის ტრაგედიიის საქმეზე, თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დააჯარიმა ის კომპანიები, რომლებიც “ვაკის პარკის” შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, “ექსპერტიზა დიაინი”- 50 000 ლარის, “მშენ ექსპერტი” - 100 000 ლარის და “გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში იყო, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს.“

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

სამართალდამცავებმა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს