მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა.

სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო BMG- ავრცელებს.


სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს.

იურისტი და MKD Law-ს პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია „Металлоинвест“ წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. სანქციების გამო უსმანოვს ფინანსებთან წვდომა შეზღუდული აქვს. იურისტის თქმით, ამ მოქმედებისთვის სამართლებრივი ბაზა არ იყო საკმარისი.


კომპანია MKD Law-ს განცხადებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა, თუმცა პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, უსმანოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს - დასავლეთის ქვეყნები მას კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქად მიიჩნევენ და აგრესიის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.


სანქციების გამო დაყადაღებულია უსმანოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე იახტა Dilbar, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებული სტრუქტურებს ეკუთვნის. თავად უსმანოვს ომზე საჯაროდ არ უსაუბრია, მან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა.

გამოცემა Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ცნობისთვის, MKD LAW საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმეში.