სამართალი

აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.  

პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური ცნო. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.  

საგარეჯოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.  უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

გურიაში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.  

სუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოდან იტალიაში, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე დააკავეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა. „იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიის რესპუბლიკაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პირი და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შსს: რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.უწყების განცხადებით, “შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“ „ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მედია 8 ნოემბერს წერდა, რომ რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка-ს" აქტივისტი რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა. უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა, ის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.  

34 800 კგ მანდარინი სარფის საბაჟოდან თურქეთში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

სარფში მანდარინებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ავეჯის დამამზადებელი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის მიმართ ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. „ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. კომპანია „დემეს“ წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ს ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას, ჯამში, 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. „ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრედიკატ დანაშაულზე - PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ ერთობლივი, წარმატებული, ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა, არაერთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ. ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ძირითადად, შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე „ქოლ-ცენტრის“, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს. ერთობლივი გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს პროკურატურაში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირების, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროჯასტმა აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: https://www.eurojust.europa.eu/news/actions-across-europe-against-online-fraud-cryptocurrencies  

ბრალდებული ათობით მოქალაქეს ტურისტული ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და თანხებს თაღლითურად დაეუფლა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაჰპირდა. ბრალდებული წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას - 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა. „სამართალდამცავებმა ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით გამოძიებას აგრძელებს, რის შემდგომაც შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო BMG- ავრცელებს. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს. იურისტი და MKD Law-ს პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია „Металлоинвест“ წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. სანქციების გამო უსმანოვს ფინანსებთან წვდომა შეზღუდული აქვს. იურისტის თქმით, ამ მოქმედებისთვის სამართლებრივი ბაზა არ იყო საკმარისი. კომპანია MKD Law-ს განცხადებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა, თუმცა პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, უსმანოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს - დასავლეთის ქვეყნები მას კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქად მიიჩნევენ და აგრესიის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. სანქციების გამო დაყადაღებულია უსმანოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე იახტა Dilbar, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებული სტრუქტურებს ეკუთვნის. თავად უსმანოვს ომზე საჯაროდ არ უსაუბრია, მან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა. გამოცემა Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ცნობისთვის, MKD LAW საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმეში.  

ვაკის პარკის ტრაგედიიის საქმეზე, თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დააჯარიმა ის კომპანიები, რომლებიც “ვაკის პარკის” შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, “ექსპერტიზა დიაინი”- 50 000 ლარის, “მშენ ექსპერტი” - 100 000 ლარის და “გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში იყო, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს.“

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

სამართალდამცავებმა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს  

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ავერსის" კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე, 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა ჩატარდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა - თანამდებობიდან გაათავისუფლა და პატიმრობა შეუფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისმა საქმის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, პატიმრების გაქცევის შესახებ გამოძიებით დადგენილი ფაქტები ჟურნალისტებს გააცნო. პირველ ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა "ავერსის" ეზოში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ პენიტენციური სამსახურის მანქანაში ოთხი მსჯავრდებული იჯდა. ამ დროს პატიმრების ზედამხედველობა ევალებოდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს - ივერი ნატრიაშვილს, რომელიც მსჯავრდებულების გაქცევის მომენტში, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის წინა მხარეს არის და კოლეგებს ესაუბრება გამოკვლევაზე "ავერსიში" შეყვანილი მსჯავრდებულების შესახებ. როგორია მანქანა, რომელითაც პატიმრები მიიყვანეს კლინიკაში "ციხის მანქანაში" ორი საკანია, თითოში სამი ადამიანი ეტევა. როგორც პროკურორი აღწერს, კარი გარედან იკეტება ურდულითა და საკეტით. თუ კარი გასაღებით არის ჩაკეტილი, პატიმრის გაქცევა შეუძლებელია. "[ურდულის გახსნა] შესაძლებელია გისოსიდან თითის გამოყოფით, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. არ იქნებოდა მარტივი, რომ ყოფილიყო ჩაკეტილი," - ამბობს ლაშა ამირანაშვილი, საქმის პროკურორი რადიო თავისუფლების ცნობით. ივერი ნატრიაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება - ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რის გამოც გაიქცა პატიმარი). საქმის პროკურორი ამბობს, რომ საბადრაგო ჯგუფის უფროსმა მანქანაში პატიმრების საკნის კარი მხოლოდ ურდულით ჩაკეტა და არ გამოიყენა გასაღები. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს შეამჩნიეს პატიმრებმა და შეძლეს გაქცევა. „მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში არსებული საკნის კარი უნდა დაეკეტა არამხოლოდ ურდულით, გასაღებითაც. ამ სივრცის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, ეს ადგილიც იყო ცარიელი. ეს ბრალდებული [საბადრაგო სამსახურის უფროსი] იჯდა წინა სავარძელზე და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები," - ამბობს ლაშა ამირანაშვილი. მისივე თქმით, საბადრაგო ჯგუფის უფროსი პატიმრებს "ძალიან მცირე მანძილზე" დაედევნა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. „ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა ძალიან მცირე მანძილზე [10 მეტრამდე]... ჩვენ ახლა მას ვედავებით, რა არ შეასრულა მან, ვიდრე გაიქცეოდნენ მსჯავრდებულები. შეიძლება სუბიექტური შეფასებაც იყოს ამ ეტაპზე, ცოტა მეტ მანძილზეც შეეძლო განეხორციელებინა დევნა. მას შემდეგ დაბრუნდა და დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას," - ამბობს პროკურორი.პროკურორის თქმით, პენიტენციური სამსახურის მანქანაში მხოლოდ სამი პატიმარი არ მჯდარა - "მეორე საკანაში დარჩა ერთი პატიმარი, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და არც უცდია გაქცევა." ივერი ნატრიაშვილის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, ბრალდებულმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. ადვოკატი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ბრალდებული პატიმრებთან ერთად, ერთ სივრცეში. „პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ იყო, ის აღიარებს, ინანიებს, ეს იყო გაუფრთხილებლობა, ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ, საბადრაგო სამსახურის სხვა თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერვე იყვნენ შემოყვანილი. მან შუა საუბრის დროს დაინახა, რომ პატიმრები ჩავიდნენ, თანამშრომლებსაც უთხრა, რომ სასწრაფოდ მოეხდინათ რეაგირება, დაუკავშირდა უფროსებს და ყველანი ცდილობდნენ გაქცეული მსჯავრდებულების დაკავებას. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა, როცა მსაჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა, დადგა ის შედეგი, რაც არის," - განაცხადა შარაშენიძემ. მისივე განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების ავტომანქანის კარი ურდულით ჩაკეტილი იყო, თუმცა, გასაღებით არა. „კარი გასაღებითაც უნდა ყოფილიყო დაკეტილი და ურდულითაც. ურდულით დაკეტილი იყო, გასაღებით არა, ზუსტად ამიტომ მოახერხეს გაღება. აქ სახეზე გვაქვს მხოლოდ ბრალდებულის დანაშაული, რომელსაც ეს უნდა მოეხდინა, ის იყო ცვლის უფროსი იყო, მას ევალებოდა დაკეტვაც და მისი კონტროლიც. ეს იყო შემთხვევითობა, ნატრიაშვილს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შეევსო, რომელიც სასჯელაღსრულებისთვის უნდა წარედგინა, ვინაიდან მას პატიმრები ჰყავდა შემოყვანილი. ეს იყო მისი წინ ჯდომის მიზეზი. ადგილზე მძღოლი და ბრალდებული იმყოფებოდნენ, ვინაიდან სხვები ზემოთ, სხვა პატიმრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სხვისი ვალდებულება ვერაფერზე ვერ იქნება, ის ხელს არავის აფარებს, თვითონ იყო ესკორტის უფროსი," - განაცხადა შარაშენიძემ. კითხვას, პატიმრების გაქცევის შემდეგ, რა ღონისძიებები გაატარა ბრალდებულმა, ან უნდა მოეხდინა თუ არა მას გამაფრთხილებელი გასროლა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს ყველაფერი წამებში მოხდა, რა თქმა უნდა, მისდევდა." „რაც შეეხება პროპორციულ ძალას - იცით, რომ ეს "ავერსის" კლინიკასთან მოხდა, რომელიც დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო. დამხმარე ძალა დაუყოვნებლივ მოვიდა, მაგრამ მიზანშეწონილი არ იქნებოდა დასახლებულ პუნქტში საკონტროლო გასროლა, არავინ იცის, ვის შეიძლებოდა მოხვედროდა, ეს ბევრად ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა," - განაცხადა შარაშენიძემ. ივერი ნატრიაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის (სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. იუსტიციის სამინისტრო სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა  

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ საბადრაგო სამსახურის უფროსი უწყებაში 14 წელი მუშაობდა, აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ მიმალულა. პროკურორმა კი, განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმით, სახეზე გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი, ის საჯარო მოხელე 14 წლის განმავლობაში იყო და ერთხელაც არ ჰქონია გადაცდომა. ამასთანავე, ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. დაცვის მხარე საჭიროების შემთხვევაში საზღვრის დატოვების აკრძალვას ეთანხმებოდა და გამოითქვა ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების მზაობაც. საპასუხოდ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიების თანახმად, არსებობს ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი, აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული. პროკურორმა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააყენა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, რაც ადვოკატის თქმით, ეს არავითარი შეთანხმება არ იყო და იყო შემთხვევითობა. მოსამართლემ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ივერი ნატრიაშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა. გამოძიების ინფორმაციით, პირველ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატრიაშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა. „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

საქართველოდან აშშ-ში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს. უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. „ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გენერალური პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიციის ფაქტს, დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის. როგორც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის შედეგად, რათა აღნიშნული პირი წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლ მ. არგენტიერის განცხადებით, ეს ექსტრადიცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი კოორდინაციის და პარტნიორობის შედეგია. „საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. 2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ძებნილი პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩატარდა. „დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში. პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება. ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.