ახალი ამბები

მივმართავ მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას – ითანამშრომლონ - პატრიარქი

"მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა. “მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, - განაცხადა ილია მეორემ.

ISFED: კოორდინატორების მობილიზებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00-სთვის "უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო". არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე აღირიცხა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტები. "რამდენიმე საარჩევნო უბანზე აღირიცხა მარკირების წესის დარღვევის შემთხვევებიც. ცალკეულ უბნებზე რეგისტრატორები ბიულეტენებს დარღვევით გასცემდნენ. ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია - 47 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში - 33 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 21 შენიშვნა" - აცხადებენ ISFED-ში. ამომრჩევლის ნების კონტროლი #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #30 უბნის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით იმყოფებოდნენ და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. უბანთან ასევე იმყოფებიან მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი. #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის ტერიტორიის შესასვლელთან დაახლოებით 20 მეტრის ფარგლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ამავე საარჩევნო ოლქის #40 უბანზე მიმდინარეობს ამომრჩევლის აღრიცხვა; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი რომელშიც სიებით მობილიზებული ადამიანები სხედან და ამომრჩეველს აღრიცხავენ. #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #32 უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც მსხდომ პირებს აქვთ ამომრჩეველთა სიები, ისინი უბანში შესვლამდე ამომრჩეველს აჩერებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შენიშვნის შემდეგ მათ უბნის შორიახლოს გადაინაცვლეს. #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #1, #30 და #2 საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ. #2 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მძღოლს მისცა მითითება, ავტომობილით მოეყვანა ამომრჩევლები რადგან უბანთან ამომრჩეველთა რიგი შემცირდა. #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს აქვს ამომრჩეველთა სია და აღრიცხავს უბანზე მოსულ ამომრჩეველს. #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #20, და #6 უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბნის შიგნით და მის გარეთ მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 უბანზე კომისიის რეგისტრატორი წევრი მოსულ ამომრჩეველს ცალკე ფურცელზე ინიშნავს. #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #14 უბნის წინ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მაგიდასთან სიებით სხედან და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ; #39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #16 და #17 უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშირისო ობსერვატორიის“ აკრედიტირებული პირები საუბნო კომისიის წინ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, ამასთან ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #9, #15, და #16, საარჩევნო უბნების გარეთ მყოფი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანზე, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე ან მიმდებარედ მედია საშუალება „ნიუპოსტის“ წარმომადგნელები მოსულ ამომრჩევლებს ფოტოებს მასშტაბურად უღებენ. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტინთან ერთად კონვერტში ჩადო ამომრჩევლის ბარათი და ხმამაღლა გაჟღერა ეს ფაქტი. #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კაბინის გარეთ, უბნის ტერიტორიაზე. #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე 8:00 საათიდან 11:30-მდე საარჩევნო კაბინების თავზე განთავსებული იყო ჩართული ვიდეოკამერა, რომლითაც, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მიერ გაკეთებული არჩევანის დაფისირება იყო შესაძლებელი. ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებული დარღვევები #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი ყუას ისე მოახია, რომ სიის 1 და 2 ნომრები დარჩა ყუაზე და, შესაბამისად, ბიულეტენში ამ ნომრის პარტიები არ აღმოჩდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა 11-11 ამგვარი ფორმით გაცემული დაზიანებული ბიულეტენი აღმოაჩინა როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტარულ არჩევნებზე. #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ქონდა მხოლოდ მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, რომლებსაც გასცემდა ამომრჩეველზე, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული ბიულეტინების სახით, მის მიერ ზემოაღნიშნული წესით მოხდა დაახლოებით 30 ბიულეტინის გაცემა ანუ ჯამში გაიცა 60 მაჟორიტარული სახის ბიულეტენი. მარკირების წესის დარღვევა #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე. #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, მაგრამ ნაკადის მომწესრიგებელმა დაუშვა უბანზე, ხოლო რეგისტრატორმა გადასცა ბიულეტენი და მისცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შეცდომით გაუკეთა მარკირება, ამომრჩევლის სახელი და გვარი ემთხვეოდა სხვა ამომრჩევლის სახელსა და გვარს, თუმცა პირადი ნომერი განსხვავებული ჰქონდა და სხვა უბნის ამომრჩეველი იყო. #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს რომელსაც მარკირება დაუფიქსირდა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მისცეს. #5 ისნის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა მარკირება სხვა უბნის ამომრჩეველს გაუკეთა. #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #14-ე საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებლმა ამომრჩეველს მარკირება და პირადობის მოწმობა არ შეუმოწმა. ბიულეტენის საარჩევნო ყუთში შეცდომით მოთავსება #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ძირითად საარჩევნო ყუთში მოსათავსებელი ბიულეტენი მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში. #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი ძირითადი ყუთის ნაცვლად იმ კონტეინერში ჩააგდო, სადაც გამოყენებული ინდივიდუალური კალმები უნდა მოთავსდეს. #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ბიულეტენები სხვადასხვა კონვერტით მოათავსა ყუთში. კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების არ განხორციელება #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და ქაოსი. ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩევლებს უბანზე რიგის დაცვის გარეშე უშვებს. #5 ისნის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა; #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი სათანადოდ არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, რის გამოც საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლები ერთად მიდიან. #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე ნაკადის მარეგულირებელი საარჩევნო უბნის გახსნიდან 40 წუთის განმავლობაში ამომრჩევლებს უბანზე უშვებდა პირადობის მოწმობის შემოწმების გარეშე. COVID-19 რეგულაციებთან დაკავშირებული დარღვევები #5 ისნის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდასთან დაშვებულია 2-ზე მეტი პირი. ნაკადის მარეგულირებელი არ აკონტროლებს დაშვებას სათანადოდ. #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე 8-დან 11 საათამდე მოსულ ამომრჩეველს ტემპერატურას უზომავდნენ, თუმცა დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ შეწყვიტეს. #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრი უგულებელყოფენ პირბადის ტარების სავალდებულო წესს. გაფრთხილების მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებენ საარჩევნო უბანზე პირბადის გარეშე ყოფნას. ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #81 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა და რეგისტრატორმა ხელი მოაწერეს სხვა ამომრჩევლის გრაფაში. კომისიის საქმიანობაში ჩარევა #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე მედიის რეგისტრირებული წარმომადგენელი ითავსებდა ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას. საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს იმ პირველი ამომრჩევლის სახელი და გვარი ვინც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი და ისე ჩააგდეს ყუთში. #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #40 უბანზე თავმჯდომარემ ძირითად საარჩევნო ყუთში ერთის ნაცვლად ორი საკონტროლო ფურცელი ჩააგდო. კენჭისყრის პროცედურის დაგვიანება #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #43 უბანზე კენჭისყრის პროცედურა დაიწყო 30 წუთის დაგვიანებით.

85 წლის არატო ქაქუთიამ და ეთერ კიკნაძემ არჩევანი გააკეთეს

"თქვენი მომავალი მინდა ავირჩიო, თქვენ რომ უკეთესად იცხოვროთ. მე ბევრი გავიარე და თქვენ რომ იყოთ კარგად, ამისთვის მოვედი აქ", - ამბობს 85 წლის არატო ქაქუთია, რომელიც საარჩევნო უბანზე ჩოხით მივიდა. ამბობს, რომ დღევანდელი დღე დღესასწაულია და ასე ამიტომაც გამოეწყო. "მგონია, დღეს. ძალიან ღირსეული არჩევნები ჩატარდება ხმას იმას მივცემ, თქვენ რომ მოგანიჭებთ ლამაზ ცხოვრებას", - ამბობს ამომრჩეველი. საარჩევნო უბანზე მივიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85 წლის ეთერ კიკნაძემაც. "მომავლის იმედით მოვედი, მომავალი უკეთესი რომ გვექნეს. ის არ გვექნეს, რაც ახლა გვჭირს", - უთხრა 85 წლის ქალმა "ლაივპრესს". ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 19 945-მა მოქალაქემ მიიღო. ეს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,1%-ია. სულ ზუგდიდის ოლქში 120 3122 ამომრჩეველია რეგისტრირებული. წყარო

არჩევნებს მოაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული დემოკრატიის სიმწიფე აჩვენოს - ნაუსედა

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს მოაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული დემოკრატიის სიმწიფე აჩვენოს", – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს. "ლიეტუვა მხარს უჭერს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხმის მიცემის უფლება, მიუხედავად პანდემიისა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს", წერს ნაუსედა. საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ამომრჩევლებისთვის, დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.

ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა", - წერს Twitter-ზე მარკ კლეიტონი. საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ამომრჩევლებისთვის, დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.

ავღანეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჯარისკაცები ხმას აძლევენ

ავღანეთში საარჩევნო პრიცესი მიმდინარეობს, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი- შარიფში და გერმანულ ბაზა "მარმალზე" გაიხსნა. ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან. არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები. შედეგების შეჯამებისთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს. "საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ტარდება". – წერია თავდაცვის სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

არავის უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე - სააკაშვილი

ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების გეგმა, არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ ყოფილიყო, ჩაიშალა. „რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოდან, არის ის, რომ ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობაა. ეს მაგარია, იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იყო იმაზე მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ. როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლა ქვეყნის ბედი წყდება, და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი - დავით უსუფაშვილი

დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი. ასევე მათი ინფორმაციით, დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55-ე და 56-ე უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა. ლიდერების განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე სადაც „ლელოს“ მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, ის კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, რაც, მათივე შეფასებით, კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევაა. როგორც პარტიაში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესი დარღვევით დაიწყო რუსთავის 54-ე უბანზე. კერძოდ, დამკვირვებლების დიდი ჯგუფიდან მხოლოდ ორი იყო შესული, დანარჩენ დამკვირვებლებს კი არ უშვებდნენ. შესაბამისად, ამ ფაქტზეც დაიწერა საჩივარი. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცესკოსა და მთავრობას მიმართა. როგორც დათუნაშვილმა განმარტა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები არის დემოკრატიული პროცესისთვის დამაზიანებელი. „გურჯაანის 30 საარჩევნო უბანზე დარღვევა გამოვლინდა. ორი ადამიანი ერთდროულად იყო ხმის მიცემის კაბინაში შესული, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარება,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მიმდინარე დარღვევებს, როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება გამოძიებული, რადგან ოპოზიცია და დამკვირვებლები არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები, რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება უკვე გამოვლენილ დარღვევებს, სადაც რეგისტრატორებმა დაარღვიეს ბიულეტენის მთლიანობა, კერძოდ, ისე მოხიეს ბიულეტენი, რომ არ იკითხებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, მიქელაძის განცხადებით, ეს რეგისტრატორები პროცესიდან მოიხსნა. „ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება და აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა",- განაცხადა მიქელაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს. შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქვეყნები, სადაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან, ცალკე შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდა. ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. სპეცალისტების განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. პანდემიის პირობებში მოუწევს არჩევნების ჩატარება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსაც, არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი 50 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დროზე ადრე ხმის მიცემის საშუალებით უკვე ისარგებლა. საყოველთაო არჩევნებისას ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნების სტატისტიკას, Europetime-მა ინფორმაცია ევროსაბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით შეაგროვა. პანდემიიის გამოცხადებამდე ბოლო არჩევნები, პირველ მარტს სლოვაკეთში ჩატარდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებამდე 10 დღით ადრე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „უბრალო ხალხის პარტიამ“ გაიმარჯვა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა სლოვაკეთში 6 მარტს გამოვლინდა, 11 მარტს კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ლოქდაუნის შემდეგ კი, ევროპაში პირველი არჩევნები სერბეთში, ივნისში გაიმართა, თუმცა ის აპრილში იყო დაგეგმილი. საარჩევნო უბნები სამედიცინო ნიღბებითა და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებებით აღიჭურვა. ივნისში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები 365-ათასიან ისლანდიაშიც. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებმა 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვეს, საარჩევნო უბნები კი აქაც დეზინფექციის საშუალებებით აღჭურვეს. ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ივლისში ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადეებით მივიდნენ, ხმის მიცემა კი დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა. ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ადამიანს ჰქონდა. კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა, ასევე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებმა არჩევანი 13 ივლისს გააკეთეს, ხოლო 14 ივნისს ხმის მიცემის უფლება შშმ პირებს, მძიმე ავადმყოფებსა და პატიმრებს ჰქონდათ. საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში 12 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნები 3 თვით გადაიდო. ასევე ზაფხულში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში, რომელიც 10 მაისს იყო ჩანიშნული (პირველი და მეორე ტური), თუმცა ამის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ შიდა პოლიტიკური ვითარება გახდა. პანდემიის პირობებში ამომრჩევლებს ხმის მიცემა უბანზე ან ფოსტით შეეძლო. ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტური კი, 25 ოქტომბერს. კორონავირუსის გამო ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე პირბადით და საკუთარი კალმით გამოცხადდნენ. ოქტომბერში ჩატარდა ჩეხეთში სენატისა და რეგიონული არჩევნებიც. რთული ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყანამ მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩაატარა. სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების საკითხზე 5 აპრილს ჩანიშნული რეფერენდუმი, საყოველთაო კარანტინის მოხსნის შემდეგ გაიმართება. ამ შეზღუდვამ ქვეყანაში 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ჩაანაცვლა. საყოველთა კარანტინი სომხეთში იანვრამდეა დაწესებული. რუსეთში კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი, რომელიც აპრილში იყო დაგეგმილი, ზაფხულში გაიმართა. გარდა ამისა, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში რეგიონული არჩევნები გადაიდო. ლიხტენშტაინში რეფერენდუმი აგვისტოში ჩატარდა. შვეიცარიაში 29 ნოემბერს რეფერენდუმია დაგეგმილი. მოლდოვაში კი პირველ ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

შეინიშნება მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები - კობახიძე

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეინიშნება მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას. საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ 10 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენ გასული დღეების მანძილზე საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენს მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“. ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს ევროპული საქართველოდან და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა ტვ პირველის ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ. შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება. სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

აქ ინფორმაციის შესაგროვებლად ვარ - ევროკავშირის ელჩი

დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა - არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი, 2020 წლის არჩევნების დღე დიდი დღეა. „მე, როგორც ბევრი, დღის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებ, რათა ვიხილო, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. ეს არის მომენტი, რომელიც ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია - ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, თუ ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საარჩევნო უბანზე შესვლა საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია. როცა აქ მოვდიოდი, დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მქონდა, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა - არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად ცივი. მიხარია, რომ აქ ვარ, ეს არაჩვეულებრივი მომენტია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის ნახვითაც, თუ უკვე რამდენი ადამიანია ხმის მისაცემად მოსული ამ საარჩევნო უბანზე. დღის განმავლობაში სხვა საარჩევნო უბნებსაც ვეწვევი, მექნება შეხვედრები მნიშვნელოვან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც ცესკოსთან და ეუთო/ODIHR-თან. ასე რომ, საინტერესო იქნება, იმედიანად ვართ, რომ იქნება შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევნები უსაფრთხოდ დააფიქსიროს, ყველანაირი რისკის გარეშე, - კოვიდ სიტუაციას ვგულისხმობ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ მომენტში ცდილობს, ნებისმიერ კომენტართან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს. „აქ ინფორმაციის შესაგროვებლად ვარ. როგორც იცით, დღეს ქვეყნის გარშემო ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო გუნდი გვყავს, ვინც არჩევნების დღესთან დაკავშირებით უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საერთო ძალისხმევას დავუჭიროთ მხარი, განსაკუთრებით, დავეხმაროთ ეუთო/ODIHR-ის მისიას, რათა მან რაც შეიძლება, მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაციის თავმოყრა მოახერხოს. ხვალ კი უკვე შეფასებები გაკეთდება, პირველ რიგში, სწორედ ODIHR-ის მისიის მიერ, მაგრამ ასევე, სხვების მხრიდანაც“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო გარემოსა და საფრთხეების შესახებაც გააკეთა კომენტარი. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რისი ხილვის იმედიც გვაქვს და რასაც დღეს ამომრჩევლები უნდა ელოდონ: ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე მივლენ, რომელიც დაშინებისგან და ა.შ. თავისუფალია; ამასთანავე, იმ გარემოში ხმის მიცემას, სადაც არ იქნება ძალადობა ან ესკალაცია რაიმე ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. როგორც ორი დღის წინ დავდე პირობა, ყველა პარტიის ლიდერებს მოვუწოდებდი, რომ ისინი დარწმუნდნენ, დღეს არჩევნების კარგად ჩატარებისთვის მათივე საკუთარი აქტივისტები და მხარდამჭერები უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს იცავენ“, - განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 38 936-ს შეადგენს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში - 351, იმერეთში - 214, ქვემო ქართლში - 75 შიდა ქართლში - 98, გურიაში - 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76. 2 245 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435. სულ 6-30 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 379 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში - 3 515 პირი, აჭარაში - 12 996, იმერეთში - 3 997. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33% შეადგინა

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33 % შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში - 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა მიქელაძემ.

მნიშვნელოვანია, არ იყოს დაშინება და ძალადობა - კელი დეგნანი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა დასრულდა. კელი დეგნანმა და თამარ ჟვანიამ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრეს. შეხვდრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. მათ მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი, კარგი სამუშაო, რომელიც გაწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინება და ძალადობა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს - დეგნანი

„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია” - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ამ დილით, საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ელჩი საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს გაუწევს კოორდინაციას, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებს დააკვირდებიან. „ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს”. დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმაზე, თუ რას ხედავენ და რა ესმით არჩევნებზე დაკვირვების პროცესში”.

2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია - თალაკვაძე

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2016 წელთან შედარებით პარტიის მხარდაჭერა გაზრდილია. მისივე თქმით, ყველა ავტორიტეტული კვლევის შედეგებისთანახმად, მმართველი პარტია საპარამენტო არჩევნებში 55–დან 60%–მდე ხმების მოპოვებას შეძლებს. "2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია. ამას ადასტურებს ყველა კვლევა და ეს არის განპირობებული იმით, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი კონსოლიდირებული გუნდი, რაც მთავარია, ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება. ...ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პროგრესული გუნდი, რომელიც მშვიდობიან მომავალს ყველაზე უკეთ მოახერხებს. ... ჩვენი მიზანია, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ პირველ ტუში, თუ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩავერთვებით სამართლიან ბრძოლაში", – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად, 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის უზრუნველყოფა გადასატანი ყუთების მეშვეობით. ამასთან, ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე. ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. „ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამასთან, საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. მისი არქონის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი“, - განაცხადა მიქელაძემ.

მინდა ყველას მოვუწოდო მივიდნენ არჩევნებზე - პრეზიდენტი

ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა. პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე დააფიქსირა. ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რადგან დაცულია უსაფრთხოების ნორმები. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად ყველას მინდა მოვუწოდო, ძალიან მშვიდად მოვიდეს, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ მობრძნება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. დაიცავით დისტანცია თქვენ თვითონაც, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რიგები დაიცვათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.