დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი. ასევე მათი ინფორმაციით, დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55-ე და 56-ე უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა. ლიდერების განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე სადაც „ლელოს“ მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, ის კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, რაც, მათივე შეფასებით, კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევაა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესი დარღვევით დაიწყო რუსთავის 54-ე უბანზე. კერძოდ, დამკვირვებლების დიდი ჯგუფიდან მხოლოდ ორი იყო შესული, დანარჩენ დამკვირვებლებს კი არ უშვებდნენ. შესაბამისად, ამ ფაქტზეც დაიწერა საჩივარი.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცესკოსა და მთავრობას მიმართა. როგორც დათუნაშვილმა განმარტა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები არის დემოკრატიული პროცესისთვის დამაზიანებელი.
„გურჯაანის 30 საარჩევნო უბანზე დარღვევა გამოვლინდა. ორი ადამიანი ერთდროულად იყო ხმის მიცემის კაბინაში შესული, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარება,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მიმდინარე დარღვევებს, როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება გამოძიებული, რადგან ოპოზიცია და დამკვირვებლები არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ.
„იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები, რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.