საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის უზრუნველყოფა გადასატანი ყუთების მეშვეობით.
ამასთან, ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე. ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
„ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამასთან, საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. მისი არქონის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი“, - განაცხადა მიქელაძემ.