თეგი: ავტომობილები
თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა
რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბურსაში გემლიკის ქარხანას ეწვია, სადაც შიდა TOGG-ის ელექტრომობილის მასობრივი წარმოება იწყება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. მისივე თქმით, საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს. „TOGG-ი, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გზებს დაამშვენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ერდოღანის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.
რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა
რუსეთში, ადგილობრივი წარმოების ახალი მსუბუქი ავტომობილების ბაზრის მოცულობა, 2022 წლის ოქტომბერში წლიურ ჭრილში 63,1%-ით შემცირდა და 43 308 ერთეული შეადგინა, რაც მიმდინარე წლის სექტემბერის მონაცემზე 2,5%-ით ნაკლებია. ბაზრის ლიდერი გასულ თვეში რუსული Lada იყო, რომლის გაყიდვების წილი ოქტომბერში 39,5%-მდე გაიზარდა. AtvoVAZ-ის მანქანების გაყიდვები წლიურად 24,1%-ით შემცირდა და 17 113 ათასი შეადგინა, ამავე დროს, 2022 წლის სექტემბერში, როგორც მანამდე ევროპული ბიზნესის ასოციაცია (AEB) იტყობინება, რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 20,641 Lada. გასულ თვეში ყველაზე პოპულარული მოდელი Lada Granta იყო – ამ მოდელის 10 978 მანქანა გაიყიდა. ოქტომბერში რუსეთში გაყიდვებში (4,316 ათასი მანქანა) მეორე ადგილი დაიკავა ჩინურმა ბრენდმა Haval-მა, რომელიც ყველაზე პოპულარული უცხოური ავტომობილი გახდა. ხუთეულში ასევე შედის ჩინური Chery (3,838 ათასი ერთეული), სამხრეთ კორეული Kia (2,738 ათასი ერთეული) და Hyundai (2,72 ათასი ერთეული). 10 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 518 011 ათასი ახალი მანქანა კლება -59,6%-ია.
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ხდება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება. ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში განხორციელდა.
Bentley-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა
2022 წელს გაყიდული Bentley-ის პრემიუმ ავტომობილების რაოდენობამ კომპანიის ისტორიაში პირველად 15 000-ს გადააჭარბა, ნათქვამია ავტომწარმოებლის ანგარიშში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. „Bentley Motors-მა დღეს გამოაცხადა, რომ 2022 წელს 15 174 ავტომობილი გაყიდა, რაც 4%-ით მეტია 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთზე [14,659 ერთეული].ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Bentley-მ წელიწადში 15 000 მანქანა გაყიდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. თავის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის მიზეზად კომპანია ბაზარზე ახალი მოდელების დანერგვასა და ავტომობილების მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით პერსონალიზირებას ასახელებს. როგორც აღინიშნა, კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელი გასულ წელს იყო Bentayga კროსოვერი, რომელიც 2015 წლიდან იწარმოება. ამ მოდელზე მოდის გაყიდვების 42%. ბენტლის პროდუქციის მთავარ ბაზარად შეერთებული შტატები დარჩა, სადაც ბრენდის მანქანების 28% გაიყიდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 24%-ით, შემდეგ მოდის ევროპა (19%). კომპანია თავის ანგარიშში ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასახელებს. ერთი დღით ადრე, სხვა ბრიტანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა, Rolls-Royce Motor Cars-მა რეკორდული გაყიდვების შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ 6000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, რაც კომპანიის 118-წლიანი ისტორიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა. „მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ექსპორტის წახალისება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თამამად მსურს განვაცხადო, რომ შემოსავლების სამსახური ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულებით. პანდემიის დასრულების შემდეგ გასულ წელს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვრის კვეთის რაოდენობა. 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი და გავიდა, ანალოგიურად, 771 ათას ავტომობილზე მეტი, რაც 2021 წელთან შედარებით 17%-ით მეტია“, - განაცხადა ხუნდაძემ.
2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოში ხუთი პროცენტით მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა - საქსტატი
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, ხუთი პროცენტით გაიზარდა და 1.563 მლნ შეადგინა. რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების მანქანა, 54.3 ათასი ავტობუსი და მიკროავტობუსი იყო რეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისშია რეგისტრირრებული, ჯამში, 529.3 ათასი. ხუთულში ასევე შედიან იმერეთი – 209.9 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი – 161.8 ათასით, მეოთხეზე კახეთი – 145.4 ათასით, მეხუთეზე კი აჭარა – 130.4 ათასით. რაც შეეხება საწვავის ტიპს, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი, 635.2 ათასი რეგისტრირებული ავტომობილი ბენზინზე მომუშავე ძრავითაა; 300.8 ათასი – დიზელზე, 154.5 ათასი – ბენზინსა და აირზე; 113.9 ათასი – ჰიბრიდია, 4.1 ათასი – ჰიბრიდი-აირი; ელექტროძრავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა 3.3 ათასია, ხოლო ბუნებრივ აირზე 1.1 ათასი ავტომობილი მუშაობს. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობაა, ასევე მფლობელთა რაოდენობა. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილი რეგისტრირებულია 1.400 მლნ ფიზიკურ და 163.2 ათას იურიდიულ პირზე. რაც შეეხება ავტომობილების ასაკს, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1.296 მლნ ავტომობილი ათი და მეტი წლისაა.
საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს
საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია. „აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.