Bentley-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა

2022 წელს გაყიდული Bentley-ის პრემიუმ ავტომობილების რაოდენობამ კომპანიის ისტორიაში პირველად 15 000-ს გადააჭარბა, ნათქვამია ავტომწარმოებლის  ანგარიშში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა.

 „Bentley Motors-მა დღეს გამოაცხადა, რომ 2022 წელს 15 174 ავტომობილი გაყიდა, რაც 4%-ით მეტია 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთზე [14,659 ერთეული].ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Bentley-მ წელიწადში 15 000 მანქანა გაყიდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თავის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის მიზეზად კომპანია ბაზარზე ახალი მოდელების დანერგვასა და ავტომობილების მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით პერსონალიზირებას ასახელებს.

როგორც აღინიშნა, კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელი გასულ წელს იყო Bentayga კროსოვერი, რომელიც 2015 წლიდან იწარმოება. ამ მოდელზე მოდის გაყიდვების 42%.

ბენტლის პროდუქციის მთავარ ბაზარად შეერთებული შტატები დარჩა, სადაც ბრენდის მანქანების 28% გაიყიდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 24%-ით, შემდეგ მოდის ევროპა (19%).

კომპანია თავის ანგარიშში ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასახელებს. ერთი დღით ადრე, სხვა ბრიტანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა, Rolls-Royce Motor Cars-მა რეკორდული გაყიდვების შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ  6000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, რაც კომპანიის 118-წლიანი ისტორიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.