თეგი: ბობ მენენდესი
სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ
აშშ-ის წამყვანი სენატორი ბობ მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული რუსული გამანადგურებლები გადასცენ. დემოკრატმა ბობ მენენდესმა, რომელიც სენატის საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაბამისი შინაარსის წერილი გაუგზავნა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდა. საუბარია მიგ-29 და სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელთა მართვა უკრაინელ პილოტებს, სპეციალური მომზადების გარეშე, მარტივად შეუძლიათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოლონეთთან და NATO-ს სხვა წევრ ევროპულ ქვეყნებთან ამ ტიპის რუსული თვითმფრინავების უკრაინისათვის გადაცემის საკითხზე კონსულტაციებს მართავს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. „თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი. ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ
სენატორი ბობ მენენდესი: პუტინი სასოწარკვეთილია
სენატორები რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან აცხადებენ, რომ დასავლური სანქციები მუშაობს თუმცა განმარტავენ, რომ მათ უკეთესი შედეგის ხილვა სურთ, რათა რუსეთი იძულებული გახდეს შეწყვიტოს ომი უკრაინაში. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. მისივე ცნობით, სენატორი ბობ მენენდესი მიიჩნევს, რომ „ამ ბრძოლის მოგება მხოლოდ იარაღის, მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით ან სანქციებით არ მოხდება. „ყველა ეს კომპონენტი ერთობლიობაში უნდა იყოს, ამისთვის საჭიროა მეტი კოორდინაცია. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს გადარჩენაში“. „პუტინი სასოწარკვეთილია. ის აიძულებს რუს კაცებს მთელს ქვეყანაში, შეუერთდნენ არალეგალურ და სულ უფრო არაპოპულარულ ომს, ყიდულობს რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან, დრონებს ირანიდან, აწყობს ყალბ რეფერენდუმებს. ხალხს მასში მონაწილეობას იარაღის მუქარით აიძულებენ... მაგრამ დღეს პუტინი არ არის იქ, სადაც მას უნდოდა რომ ყოფილიყო. ეს არის დამსახურება უკრაინელი მებრძოლი ხალხის და 15 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ძლიერი საერთაშორისო კოალიციის“, - ამბობს სენატორი. „წამება, გაუპატიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საავადმყოფოების, ეკლესიების და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაზე... ეს რეალურად წარმოადგენს გენოციდს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს სამხედრო კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყო იმ წარმატებისთვის, რომელსაც ბრძოლის ველზე პუტინი გრძნობს. მან ზეწოლა უნდა იგრძნოს სახლშიც. ჩვენ უნდა გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა.
სენატორი მენენდესი: აშშ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული უნდა დარჩეს
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი უძღვებოდა. მან სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობის გააქტიურებაზე ისაუბრა. შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, რომ აშშ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული უნდა დარჩეს. „ეს არის ერი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და დღეს ჩვენ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას, ოპოზიცის ლიდერების დაპატიმრებას და განგრძობით მცდელობებს, შეფერხდეს სწორედ ის დამოუკიდებელი რეფორმები, რომებიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის სჭირდება. აშშ უნდა დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული“, - განაცხადა ბობ მენენდესმა.