სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ

აშშ-ის წამყვანი სენატორი ბობ მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული რუსული გამანადგურებლები გადასცენ.

დემოკრატმა ბობ მენენდესმა, რომელიც სენატის საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაბამისი შინაარსის წერილი გაუგზავნა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდა. საუბარია მიგ-29 და სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელთა მართვა უკრაინელ პილოტებს, სპეციალური მომზადების გარეშე, მარტივად შეუძლიათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოლონეთთან და NATO-ს სხვა წევრ ევროპულ ქვეყნებთან ამ ტიპის რუსული თვითმფრინავების უკრაინისათვის გადაცემის საკითხზე კონსულტაციებს მართავს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები.

„თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი.


ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ