თეგი: დანაშაული
$35 000-ზე მეტი ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
თეა წულუკიანი: ენის მოჩლექით საუბარი საჭირო არ არის, განაჩენი ამბობს, რომ ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას პროკურატურა საყვედურობდა, დადასტურებულია
არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. განაჩენი ამბობს, რომ ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. 18 მაინსს, მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. დღესვე იგეგმება სოლიდარობის აქცია. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო
პროკურატურა: ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2.000.000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა
საქართველოს გენერალური პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2.000.000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ. „გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 2 000 000 დოლარის გათეთრება. გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინი დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედია, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, შემდეგ დაბადების დღეს ციხეში შეხვდება - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსეთის პრეზიდენტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას, ხოლო პუტინს შემდეგი დაბადების დღის აღნიშვნა გისოსებს მიღმა უსურვა. „პუტინი დღეს თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედი მაქვს, ის მომდევნოს შეხვდება ციხეში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის", - აღნიშნა რეინსალუმ.
სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვი - გომელაური
სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. „ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა ანუ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარებით კრიმინალის კუთხით", -განაცხადა გამოელაურმა.
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 7 პირის მიმართ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხას მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში 3 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს. ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული ფიქტიური კომპანიები მიუთითეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოში, ბრალდებულთა ფიქტიური კომპანიების საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 596 612 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიისაკუთრეს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარუდგინა. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39%-ით (-1908 ფაქტი) შემცირდა. „აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მატება, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება. მონაცემები უკვე გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე: info.police.ge. აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები. ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის: დანაშაულის სტატისტიკა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები; ოჯახში ძალადობის სტატისტიკა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა; გაცემული მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაცია; სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებული ბევრი სხვა მონაცემი. ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა. პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის. გამოქვეყნების ახალი წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ის საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია უფრო დეტალურად გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ბრძანება შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს. მათივე ცნობით, დანაშაულის ყველაზე მეტი - 15 862 შემთხვევა (გაიხსნა 8477) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 4106 (გაიხსნა 3586) და მუქარის 3699 (გაიხსნა 3280) ფაქტი. "რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა - გაიხსნა 21. გარდა ამისა, დაფიქსირდა 2417 სატრანსპორტო დანაშაული. რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: გაუპატიურება - 176, გაიხსნა 123; ნარკოტიკული დანაშაული - 5471, გაიხსნა 5170; სამოხელეო დანაშაული - 577, გაიხსნა 162; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 68, გაიხსნა 46. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 56343 დანაშაულიდან 49.82% გახსნეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3%-ზე მეტით - დარახველიძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3%-ზე მეტით, ხოლო გახსნის მაჩვენებელი არის უპრეცედენტო - 60%-ზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოდ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს - დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია არა ერთი „კანონიერი ქურდი“ და „ქურდული სამყაროს“ წევრი. როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხშირად გარკვეული დანაშაულების ირგვლივ სპეკულირება ხდება. „არ არსებობს ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება, მაგრამ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოტივირებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ დანაშაულზე სწრაფი რეაგირება, ეფექტური გამოძიება მოხდეს და პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცეს. 2006 წლის შემდეგ გვაქვს დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო ჯამში დაახლოებით 300 000 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია - ესებუა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა, ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. „დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სუს-მა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც, ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. „გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 3 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - ორი და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ვ.გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მოქალაქეს სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დ. რ., რომელმაც ქალაქ თბილისში 2021 წლის დეკემბრისა და მაისს თვეში, ასევე 2022 წლის აპრილში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ., რომელმაც 2022 წლის მაისის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში, ასევე 2023 წლის მარტში ქალაქ თბილისში მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ საქმეზე გამოძიება დაზარალებული მოქალაქეების მომართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილე სამართალდამცავების მამხილებელი მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას დაედო საფუძვლად“, – აცხადებენ უწყებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების ერთწლიანი მუშაობის შედეგად არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 36 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული.