თეგი: დაფინანსება

"ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დროს საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დაფინანსება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ცნობისთვის, პირველი თებერვლიდან ამოქმედდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.

აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს

შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვივნენ. ომის ზონაში იშვიათი ვიზიტის დროს, ამერიკის მინისტრთა კაბინეტის ორმა წამყვანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება. მათ შორის არის საქართველოც. „საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში. დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა. მისი მიზანია, „NATO-ს მოკავშირეების დაეხმარება შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი მარაგებიდან, რათა NATO-მ შეინარჩუნოს და გააძლიეროს შეკავების შესაძლებლობები. 322 მილიონი დოლარი ამ თანხიდან გამოყოფილია უკრაინისთვის და მიმართულია მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რუსეთთან მიმდინარე ომში საკუთარი თავის დასაცავად“. უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება ინვესტიციას, რომელიც გააძლიერებს „შესაძლებლობების ფართო სპექტრს“. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამაში შედის „არა-NATO-ს სტანდარტის იარაღის სისტემები; უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება გადავიდნენ NATO-ს გრძელი რადიუსის სისტემებზე, როგორიცაა საარტილერიო ცეცხლი; და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები“. დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ამერიკისგან თავდაცვის იარაღს, ტრეინინგსა და მომსახურებას მიიღებენ არიან ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია და ბოსნია-ჰერცოგოვინა. რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრიდან ორი თვის თავზე, კიევში ერთდროულად ჩასულმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთთან ომის მოგებაში დაეხმარება. „ის (პრეზიდენტი ზელენსკი) ფიქრობს, რომ მათ უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ კი გვსურს, დავეხმაროთ მათ გამარჯვებაში“, განაცხადა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, „გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის ის რომ გჯეროდეს, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. „ჩვენ გვჯერა, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ გაიმარჯვონ თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.  

აშშ-ის კონგრესში $1.7 ტრილიონის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის $44.9 მილიარდის, NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის კი -$40.6 მილიარდის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება $44.9 მილიარდი, NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - $40.6 მილიარდი. დაფინანსების მიზანია, აღნიშნული ქვეყნებისთვის ბუნებრივი კატაკლიზმებისა ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში დახმარების გაწევა. სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა $858 მილიარდს შეადგენს, რაც $118 მილიარდით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანია კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნა.  

ცნობილია, 2023 წელს მოსახლეობის რომელ ჯგუფებს დაუფინანსებს კომუნალურ ხარჯებს მთავრობა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას 2023 წელსაც განაგრძობს.  ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დაუფინანსდებათ. „სოციალური მიმართულებით ყველა ის პროგრამა, რაც მოქმედებდა ამ დრომდე, შენარჩუნებულია. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირების კომპონენტი, რომელიც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, დაახლოებით 12 თეთრამდე უსუბსიდირდებათ 1 კვტ/საათზე ტარიფი, ხოლო 70-150 ათასი ქულის მქონე ოჯახებში, სუბსიდირება მოხდება 3.5 თეთრის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა.  

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი დაფინანსდება.  აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც  ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს. ვარჰეის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე, სატრანსპორტო პროექტებსა და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას მოიცავს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო გეგმის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს და ევროკავშირს შორის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის სავარაუდო მთლიანი ინვესტიცია კი 2.3 მილიარდ ევროს შეადგენს. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტროკაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

აუცილებელია, არასამთავრობოებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა დაფინანსების წყარო გამოაქვეყნონ - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი. „გამჭვირვალობის საკითხზე გარკვეული დამოკიდებულება არსებობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის ქვეყნებისგან, მაგრამ ვინაიდან, ამ თემამ სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია, კანონპროექტები უკან გავიწვიეთ, მაგრამ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ, როცა ამ თანხას იყენებენ. ეს იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია და ეს ღია უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.