თეგი: ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების განახლებული დარბაზი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების დარბაზი, რომელსაც პოლონური წარმოშობის ცნობილი მხატვრის უნიკალური მხატვრობა ამშვენებს, უკვე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ცნობით, პოლონელი რესტავრატორების დახმარებით მთლიანად აღდგა მეოცე საუკუნის დასაწყისის მოხატულობა და დიზაინი. „უნიკალური მხატვრობის ავთენტური სახით აღდგენა და დაცვა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან და მაღალ პროფესიონალიზმთანაა დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინათ, პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, მხატვრობის საკმაოდ დიდი ნაწილი აღდგა. დღეს აქ პოლონური სამკითხველო დარბაზი ფუნქციონირებს“, - აღწერს ეროვნული ბიბლიოთეკა დარბაზის მოწყობის ისტორიას. ჰენრიჰ ჰრინევსკის მოხატულია ქაშვეთის ტაძრის ერთი ნაწილი, ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი კორპუსის დარბაზი. ჰენრიკ ჰრინევსკის ორნამენტების ინსპირაციატაო-კლარჯეთის ძეგლების მოხატულობა იქცა. ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს, ფრესკები დაზიანდა და შენობის ეს ნაწილი დაილუქა. 2017 წელს, საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას სტუმრობის დროს მოხდა შეთანხმება, რომ ფრესკები და უნიკალური დარბაზი აღდგებოდა. 2018 წელს დარბაზის გახსნას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შიმონ შინკოვსკი ველ სენკი, უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტ „პოლონიკას" დირექტორი, დოროტა იანიშევსკა-იაკუბიაკი და პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე, მარეკ კუხცინსკი დაესწრნენ.  სარესტავრაციო სამუშაო პოლონეთის მთავრობამ და პოლონელი სპეციალისტებმა ჩაატარეს. ინფორმაციისთვის, ჰენრიჰ ჰრინევსკი საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დაიბადა.  

ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

ბიბლიოთეკაში, საქართველოს შესახებ დაცულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელი გახდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება. აღნიშნული შეთანხმება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვატიკანში შეხვედრის შემდეგ შედგა. „შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები ჩაერთონ შესაბამის პროგრამებში, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. კვლევითი და მეცნიერული საქმიანობის კუთხით ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ცნობილია, რომ ვატიკანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული წყაროა დაცული მე-15 საუკუნიდან დღემდე. მათ შორის ეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს,“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, ასევე საუბარია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა  უნივერსიტეტს, რათა მომავალში გაიგზავნოს მკვლევარები დაცული მასალების შესასწავლად.  

გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. საუბრის შინაარსზე კეკელიძემ Facebook-ზე დაწერა. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა," - აცხადებს კეკელიძე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.  

კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო. „ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები," - ამბობს გამსახურდია. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან  

პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება.“ პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება. „გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთნა, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში. რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მე მინდა ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას წარმატება. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა დადასტურა, რომ კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება. ის მიიჩნევს, რომ გამსახურდია „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.“ „ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობს. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება ამ ახალ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის. იმ მიღწევებში, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი კეკლიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, წვლილიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა. კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პენცენტრის განცხადებით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა. „11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“ გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო," - ნათქვამია განცხადებაში. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან

გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო. „დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება; სხვადასხვა ტიპის თემატური ლექციების, სემინარების ჩატარება; ლიტერატურული პრემიების დაარსება და ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ,“ - განაცხადა კეკელიძემ. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი