პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება.“ პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება.


„გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე.


ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის.


მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი.


ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთნა, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ.

ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში. რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მე მინდა ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას წარმატება. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


პაპუაშვილმა დადასტურა, რომ კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება. ის მიიჩნევს, რომ გამსახურდია „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.“

„ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობს. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება ამ ახალ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის. იმ მიღწევებში, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი კეკლიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, წვლილიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.



საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პენცენტრის განცხადებით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა.

„11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“ გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა.

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო," - ნათქვამია განცხადებაში.