თეგი: ექსტრადიცია
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე: გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა. შეხვედრის შემდგომ კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, ნება მომეცით, გითხრათ, რაოდენ დიდი პატივი იყო ჩემთვის მინისტრთან შეხვედრა და შესაძლებლობა მქონოდა, მასთან განმეხილა კანონის უზენაესობის საკითხები, თუ რამდენად განვვითარდით კანონის უზენაესობის კუთხით როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე გლობალური მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, პრობაციასა და სხვა მრავალ საკითხზე. განვიხილეთ ამ კონტექსტში არსებული საერთო მიზნები. ჩვენ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აქ ვარ, სამინისტროში, მოუთმენლად ველი მომავალ ვიზიტებს და ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას და მინისტრს, ასევე,ვიხილავ ვაშინგტონში“, - განაცხადა ბრიუს შვარცმა.
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მოქალაქის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. იუწყება ადგილობრივი გაზეთი Pravo. წარმოშობით აზერბაიჯანელი ომაროვის ექსტრადიციის პროცესი უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს. მის მიმართ საერთაშორისო ორდერი არსებობს. ომაროვი ჩეხეთში იანვარში დააკავეს და მას შემდეგ ციხეშია. მას აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. მაისის ბოლოს პრაღის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ომაროვის ექსტრადირება შესაძლებელია შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და ყაზახეთში. ამ ქვეყნებმა ასევე მოითხოვეს მისი ექსტრადიცია, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მისი ჩეხეთში ექსტრადიცია გადაწყვიტა. ჩეხეთის მთავრობასა და ამერიკელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა თავად ჟურნალისტმა, მასიჰ ალინეჯადმაც. ჩეხური მედიის თანახმად, პოლად ომაროვის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს რამდენიმე დღეში განხორციელდება. ამერიკულ ციხეში იმყოფებიან მისი თანამზრახველობის ბრალდებით დაკავებული 43 წლის რაფატ ამიროვი და 24 წლის ხალიდ მეჰდიევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველო და აშშ უახლოეს მომავალში გააფორმებენ
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. „უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-სთან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი,“ - განაცხადა ბრეგაძემ. აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიმდინარე წლის თებერვალში შედგა.
საქართველოდან აშშ-ში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, მათ შორის, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო. „საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლონ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. 2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.