თეგი: ვერტმფრენები

თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენების გადაფრენაზე: „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვერტმფრენების გადაფრენის შესახებ. უწყების ცნობით, „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში. თავდაცვის უწყება მედიას მოუწოდებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ. აღნიშნული „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად, აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ლევან დავითაშვილი: ეკიპირების, ვერტმფრენების მომზადების კუთხით დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან

დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების, ეკიპირების, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით - თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს „დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ იმისთვის, რომ მათ წინაშე დღეს არსებული ამოცანები შეასრულონ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ. დღეს საბედნიეროდ კონტროლშია ეს პროცესი და [ხანძარი] ლოკალიზებისკენ მიდის. მომავალი წლებისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ არის ისე, რომ დღეს არ გვაქვს საშუალებები. ხოლო ის, რომ მივიღეთ საერთაშორისო დახმარება, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. პირველ დღეებშივე მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან და ყველა მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი გვთავაზობდა დახმარებას ამ კუთხით. ეს ძალიან ბუნებრივია, ჩვენც თუ რამით შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენ მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული  

ბრიტანეთი უკრაინას, Sea Kings-ის ტიპის სამ ვერტმფრენს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვერტმფრენებს პირველად გადასცემს.  საუბარია სულ სამ Sea Kings-ის ტიპის ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, ოსლოში მოკავშირე ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრაზე, სადაც ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზეც განიხილავენ. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტები, დიდ ბრიტანეთში, ვერტმფრენების ოპერირებას სწავლობდნენ.  ვერტმფრენებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებენ. უოლესმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას, დამატებით 10 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. Sea King ვერტმფრენებს ადრე ბრიტანეთის საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები იყენებდნენ. ბოლო Sea King-ის ფლოტში გამოყენება ბრიტანეთმა 2018 წლიდან შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ კიევში მისი პირველი ვიზიტისას, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდა.   

ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია - ოლექსი რეზნიკოვი

ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.  რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ „უკრაინა და ბრიტანეთი ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში ერთად დაიცავენ“. თუმცა რეზნიკოვს არ დაუკონკრეტებია რამდენი ვერტმფრენი გადასცა ბრიტანეთმა უკრაინას.