თეგი: თამარ ჩუგოშვილი

მთავრობამ პრეზიდენტს უარი განუცხადა ბაზელში, ფიროსმანის გამოფენაზე დასწრებაზეც - ჩუგოშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც მაია კოპალეიშვილთან ეთად იცავს პრეზიდენტის ინტერესებს, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს ეუბნებოდა კულტურული სახის ღონისძიებებზეც, მაგალითად, პრეზიდენტმა უარი მიიღო ბაზელში ფიროსმანის გამოფენაში დასწრებაზე. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - პირდაპირი „მას ასევე უარი უთხრა მთავრობამ ისეთი ცერემონიული ტიპის ვიზიტებზე, როგორიც არის ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. ეს გამოფენა სხვათა შორის პრეზიდენტის ძალისხმევით შედგა და მისი წინა ვიზიტის დამსახურებაა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 16 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Fondation Beyeler-ის გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრამდე და წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი. ფიროსმანის  გამოფენა Fondation Beyeler-ისა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (Humlebæk) ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს ცნობისთვის, ამავე სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს.“ „ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, თუ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ხმის ამოღება და შეხვედრა 52-ე მუხლით რეგულირდება, მაშინ ცერემონიული თუ პროტოკოლური ხასიათის წერილების გაგზავნაზეც მთავრობის თანხმობა უნდა იყოს საჭირო, რასაც პროცესი აბსურდამდე მიჰყავს. ამის შესახენ მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხადებული. „პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ. ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ გამოვა და იტყვის - „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო“. ოღონდ შემდეგ უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, განაცხახდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში:  „ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე. საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს. ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება, მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა," განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. „როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს ყველაფერს გავცემთ შესვენების შემდგე," განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - პირდაპირი „რა თქმა უნდა, არსებობდა პოლიტიკურ საფუძველიც, პოლიტიკურ-კონსტიტუციური, რომ მთავრობას არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისთვის ამ ვიზიტების განხორციელებაზე. მთავრობას არგუმენტაცია არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური არგუმენტები არსებობდა. მთავარი არგუმენტი რა არის - პრეზიდენტს და მთავრობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გახმოვანდა პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი მობრძანებული იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მთავრობა მიდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში და საუბრობს 12-დან თითოეული პუნქტი, რა ფორმით და ხარისხით არის განხორციელებული, ამ დროს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტი მხოლოდ ფორმალურად სრულდება,“ - განაცხადა კობახიძემ პროცესის მიმდინარეობისას. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. კობახიძემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას. „მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით,“ - აღნიშნა ირალი კობახიძემ.  

ტურავა კობახიძეს: იმპიჩმენტის პროცედურა რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საქართველოს ინტერესებისთვის ისტორიულ მომენტში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა. კითხვა-პასუხის შემდეგ, მონაწილეები დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. მანამდე, განხილვის მიმდინარეობისას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უპასუხა მოსამართლე მერაბ ტურავას კითხვას იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტი უცხოური მედიის მიხედვით პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნებისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება-განხორციელება რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება ისევ საქართველოს ინტერესებისთვის იმ ეტაპზე და იმ ისტორიულ მომენტში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი. „პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუ ვინმეა პროდასავლური ამ ქვეყანაში, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას. მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი, რაც უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით. მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა უნდა მივანდოთ 150 პარლამენტარს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. თქვენ იცით, რომ გადაყენების რეალური შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ და აქაც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით. თუმცა პარლამენტის საკითხია მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა. ერთი პრიორიტეტული ამოცანაა პრეზიდენტის გადაყენება, ამას გვეუბნება პირდაპირ კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ამოცანა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი წლის განმავლობაშიც აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას და ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომების და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას იმიტომ, რომ თუ რაიმეზე დგას ევროპა ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობა ქართულის საზოგადოების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.