ტურავა კობახიძეს: იმპიჩმენტის პროცედურა რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საქართველოს ინტერესებისთვის ისტორიულ მომენტში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა.

კითხვა-პასუხის შემდეგ, მონაწილეები დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ.


მანამდე, განხილვის მიმდინარეობისას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უპასუხა მოსამართლე მერაბ ტურავას კითხვას იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტი უცხოური მედიის მიხედვით პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნებისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება-განხორციელება რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება ისევ საქართველოს ინტერესებისთვის იმ ეტაპზე და იმ ისტორიულ მომენტში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი.


„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუ ვინმეა პროდასავლური ამ ქვეყანაში, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას. მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი, რაც უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით. მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.


და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა უნდა მივანდოთ 150 პარლამენტარს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. თქვენ იცით, რომ გადაყენების რეალური შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ და აქაც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით. თუმცა პარლამენტის საკითხია მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა.

ერთი პრიორიტეტული ამოცანაა პრეზიდენტის გადაყენება, ამას გვეუბნება პირდაპირ კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ამოცანა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი წლის განმავლობაშიც აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას და ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომების და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას იმიტომ, რომ თუ რაიმეზე დგას ევროპა ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობა ქართულის საზოგადოების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.