საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, თუ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ხმის ამოღება და შეხვედრა 52-ე მუხლით რეგულირდება, მაშინ ცერემონიული თუ პროტოკოლური ხასიათის წერილების გაგზავნაზეც მთავრობის თანხმობა უნდა იყოს საჭირო, რასაც პროცესი აბსურდამდე მიჰყავს.
ამის შესახენ მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხადებული.
„პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ.
სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ.
ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ გამოვა და იტყვის - „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო“. ოღონდ შემდეგ უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ.
თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, განაცხახდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში:
„ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე.
საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს.
ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება, მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა," განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ.
„როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს ყველაფერს გავცემთ შესვენების შემდგე," განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„რა თქმა უნდა, არსებობდა პოლიტიკურ საფუძველიც, პოლიტიკურ-კონსტიტუციური, რომ მთავრობას არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისთვის ამ ვიზიტების განხორციელებაზე. მთავრობას არგუმენტაცია არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური არგუმენტები არსებობდა.
მთავარი არგუმენტი რა არის - პრეზიდენტს და მთავრობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გახმოვანდა პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი მობრძანებული იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მთავრობა მიდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში და საუბრობს 12-დან თითოეული პუნქტი, რა ფორმით და ხარისხით არის განხორციელებული, ამ დროს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტი მხოლოდ ფორმალურად სრულდება,“ - განაცხადა კობახიძემ პროცესის მიმდინარეობისას.
მისი შეფასებით, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.
კობახიძემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას.
„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით,“ - აღნიშნა ირალი კობახიძემ.