თეგი: თეა ახვლედიანი
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის ნდობის აღდგენის მექანიზმებისა და მათი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების საკითხს. თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ევროკავშირის თანათავმჯდომარესთან ვისაუბრეთ პირველ რიგში საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით, ადგილზე შექმნილ მძიმე სოციალურ, ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი 7 თანამოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლება. ევროპელ კოლეგებს გავაცანით შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის შედეგები და სტრატეგიული გადახედვის პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე, რათა მიღწეულ იქნას არსებითი პროგრესი ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების პროცესში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეინტონთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერის გამო. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; მან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და სტრატეგიული გადახედვის პროცესში საელჩოს აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზუგდიდის სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. რუხში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება. მინისტრები კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს. საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. „მიმდინარეობს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც უპირველესად მოიაზრებს ხარისხიან ჯანდაცვაზე მათი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიმართულების შემდგომი განვითარების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ენგურის ხიდზე შევხვდით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე და სწორედ მათ საჭიროებებზე უკეთ მორგებული სამედიცინო მომსახურების შემდგომ დახვეწას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი მსჯელობა ადგილზე, მათ შორის რუხის მრავალპროფილური კლინიკის მედპერსონალთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ემსახურება, ძირითადად, კოვიდპაციენტების მკურნალობას, მათ შორის, ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან და გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. "როგორც ეუთოს, ასევე გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, კონფლიქტით დაზარებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძის, კახაბერ ნათაძის, ვალერი კანიაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის და თამაზ გოგიჩაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
თეა ახვლედიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან თომას მიულმანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. „ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შერიგებისა ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თეა ახვლედიანი: 6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე
6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. „6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე. დღეს პატივს მივაგებთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, რომელიც უმძიმეს განსაცდელშია ახალგაზრდა ვაჟკაცის უსამართლოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, რაც მთელი ქვეყნის ტკივილი და ტრაგედიაა. ჩვენ მთელი შემართებით, მთელი ენერგიით განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მანამ, სანამ აღსრულდება სამართალი, სანამ დაისჯებიან მკვლელები, სანამ დასრულდება ოკუპაცია და გაერთიანდება ომით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, რის გამოც დაიღვარა ჩვენი გმირების სისხლი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა. ცნობისთვის, 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან
თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე- შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს გააცნო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის, ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, საპარლამენტო დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესის მიმართ.
თეა ახვლედიანმა კელი დეგნანს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული ხედვა გააცნო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობაზე; მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროცესის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე, როგორც უწყების კომპეტენციაში შემავალ სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განახლების საკითხებზე, რაც უფრო ფართო – საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ნაწილია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, გავაცანით შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, მის ფარგლებში შემუშავებული ხედვები, მიდგომები, პრიორიტეტები, რაც არსებულ რეალობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს დაეფუძნება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანი: გმირების თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი უდიდესი რამაა, რაც აძლიერებს მომავლის რწმენას
17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, შინდისის ბრძოლა არის ერთ- ერთი გამორჩეული გმირობის ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში. „17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. აქ დღეს შეკრებილ სასახელო გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა ამ მოუშუშებელი ტკივილის გამკლავებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ზარდიანთკარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. როგორც თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა. ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები. „შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა. შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია. ამ მიზნით, გუშინ ვიმყოფებოდი ნიქოზში, დღეს კი ვეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ სოფლის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ომით დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკაარში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციისა და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა მიიღო ფინანსური კომპენსაცია, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, დაისახა სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები ინდივიდუალურად, თითოეულ სახლთან მიმართებაში არსებული საჭიროებების შესაბამისად. ვფიქრობ, ზარდიაანთკართან მიმართებაში, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და მიმდინარე ძალისხმევა, არის საქართველოს მთავრობის ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი გზავნილი არა მარტო გამყოფი ხაზის მოსახლეობისთვის, არამედ კონფლიქტით დაზარალებული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, ოკუპირებულ რეგიონებში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანი თურქეთის ელჩს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს. "თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ელჩს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა - ახვლენიანი
ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება. 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ ლარს მიაღწია. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად: გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ექვსი სკოლისა და რვა საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 სასწავლო წლისთვის სახელმწიფომ 2 400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც გამოიყო ხუთი მილიონი ლარი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად, კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა და წელს პირველად სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ ელექტრონულად, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, რაც გაზრდის პროცესების მართვის ეფექტიანობას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ხუთი წელი შესრულდა არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან - ახვლედიანი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა. „დღეს ხუთი წელი შესრულდა ახალგაზრდა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობისა და ღირსების დაცვას. მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაზე, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი გმირების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები და ჩვენი სამშვიდობო, თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.