თეა ახვლედიანი: გმირების თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი უდიდესი რამაა, რაც აძლიერებს მომავლის რწმენას

17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, შინდისის ბრძოლა არის ერთ- ერთი გამორჩეული გმირობის ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში.

„17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. აქ დღეს შეკრებილ სასახელო გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა ამ მოუშუშებელი ტკივილის გამკლავებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.