თეგი: ილია II

ილია II-ს წერილი მიხეილ სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის და მას ჯანმრთელობას უსურვებს. წერილში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს, პატრიარქი სააკაშვილს შობა-ახალ წელთან ერთად, დაბადების დღესაც ულოცავს. „ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და შეჭმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში.  

ილია II: 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, საუბარია 9 აპრილის თარიღსა და ბზობის დღესასწაულზე. ილია II-ს სიტყვებით, 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა „9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ... ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.  

ილია II: დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის

საქართველოს საპატრიარქო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. ილია II განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის“. „ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

პრეზიდენტი პატრიარქს: თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისათვის. თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“- აღნიშნავს პრეზიდენტი, რომლის მისალოც სიტყვასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.