თეგი: იმრან ხანი

პაკისტანის ყოფილი პრემიერი დააკავეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ თავმჯდომარე, იმრან ხანი დააკავეს. ხანი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, უზენაესი სასამართლოს შენობის კომპლექსის ტერიტორიაზე, 9 მაისს მივიდა კორუფციაში ბრალდებებთან დაკავშირებულ მოსმენაზე დასასწრებად მივიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყოფილი პრემიერი სამშენებლო კომპანიისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ყოფილმა ძელმძღვანელმა ადრე უარი თქვა ნებაყოფლობით გამოცხადებაზე, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. 2022 წლის აპრილში თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით.  

პაკისტანის ყოფილ პრემიერს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, ოფიციალური სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. BBC წერს, რომ საერთაშორისო მედიას სასამართლოზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ ხანის ქმედებები საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვისა და დიპლომატიური ურთიერთობების დაზიანების ტოლფასია. ამ უკანასკნელმა ბრალდებამ შეიძლება, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს. იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ის კორუფციის ბრალდებით გასული წლის აგვისტოში დააკავეს და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.   

პაკისტანში ყოფილი პრემიერის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს. BBC წერს, რომ ეს პირები 2023 წელს სამხედროების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. „პაკისტანის სასამართლო ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი სამწუხარო და სამარცხვინო ინციდენტი, რომ ოპოზიციის ლიდერები ორივე პალატაში მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ისინი იმრან ხანის პოლიტიკური ნარატივის, საზოგადოებრივი წარმომადგენლობისა და კონსტიტუციური ბრძოლის ერთგული მოკავშირეები იყვნენ,“ - აცხადებს პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფის“ (PTI). ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.