თეგი: მაიკ ტერნერი

NYT-ის წყარო: საფრთხეზე მინიშნებით ტერნერი, სავარაუდოდ, კონგრესზე წეზოლას ცდილობს, რათა უკრაინის დახმარება გაგრძელდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „სერიოზული საფრთხის“ შესახებ განაცხადა.როგორც მედია წერს, ტერნერის განცხადება ნაწილობრივ იმისთვის გაკეთდა, რომ მან ზეწოლა მოახდინოს კონგრესის წევრებზე, რათა კანონმდებლებმა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა განიხილონ. შესაბამის სტატიას New York Times აქვეყნებს. წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ტერნერი, სავარაუდოდ, ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა წარმომადგენელთა პალატაზე, რათა ის დათანხმდეს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, რომელიც მანამდე სენატმა დაამტკიცა. გამოცემა წერს, რომ ტერნერი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გულმხურვალედ უჭერს მხარს და ცოტა ხნის წინ კიევსაც ეწვია. ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ კონგრესმენებთან დახურული შეხვედრა გაიმართება, თუმცა მას არ უთქვამს, რაზე იქნება საუბარი. ამერიკული სატელევიზიო არხის NBC News-ის ორი ინფორმირებული წყარო ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე“, რომელიც 14 თებერვალს განიხილებოდა, ეხება რუსეთის სავარაუდო განზრახვას კოსმოსში ბირთვული იარაღის გაშვების შესახებ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას - საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება.“ ამერიკის საელჩო განმარტავს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით,” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დემოკრატი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა რეგიონში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია. „ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოეთის აგენტების კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ერისთვის, ვიდრე - სარგებელი, ევროკავშირის წევრობისთვის მისი დღისწესრიგის დასაწინაურებლად. ამ გზაზე დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის წინადადებას,“ წერია განცხადებაში. „ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. მაგრამ, ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით ჩუმად, დემოკრატიის უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნულად ცრუ განცხადებების ფონზე,“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ [შეერთებულ შტატებში] ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოლიტიკა [საქართველოს მიმართ] არ შეცვლება მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა ამერიკის ადმინისტრაცია,“ - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა. ის ხაზს უსვამს ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ აუცილებელია, არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.  

აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე, არჩევნებსა და რუსეთზე

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, თბილისში იმყოფებიან სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი. ამერიკელმა სენატორმა 11 აგვისტოს გამართული პრესკონფერენცია ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერაზე საუბრით დაიწყო. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ორპარტიული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. „ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა; დასავლეთისკენ სწრაფვა, რათა მხარი დაუჭირონ მათ მისწრაფებას ევროკავშირში და მათ ინტერესს, გააგრძელონ დემოკრატია,“ აღნიშნა სენატორმა. მან საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოსაც გაუსვა ხაზი. „პარასკევს და შაბათს, ჩვენ დრო დავუთმეთ შეხვედრებს. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს. ვიმყოფებოდით „ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზზე“ „სამხრეთ ოსეთის“ პირას. მქონდა შესაძლებლობა, პირადად გვენახა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას მაშინ, როდესაც 16 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ახალგაზრდებს გორის რეგიონიდან, რომლებიც საუბრობდნენ მათი ერთგულების შესახებ საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ. შევხვდით მეწარმეებს გორის რეგიონში, რომლებიც მუშაობენ საკვები პროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ვართ ერთგულნი აშშ-საქართველოს პარტნიორობისადმი, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული სვლა. „გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.“ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ თითქოს, აშშ-ს ჰქონდა ინტერესი, საქართველოში გადატრიალება მოეწყო, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ-ში ამით არავინ არ არის დაინტერესებული და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ - აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა. მაიკ ტერნერი: ეს გახლავთ ორპარტიული ვიზიტი. შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამუშაო, რომელიც ჩვენ საქართველოში გავწიეთ, მხარდაჭერას იღებს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და ორივე პარტიაში. მინდა, ასევე, გამოვეხმაურო ჩვენს ელჩს, რომელიც სიამაყით ასრულებს ამერიკის სამუშაოს საქართველოში და ხელს უწყობს შესანიშნავ ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკას შორის. საქართველოში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა მათ უზრუნველყონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ორივე მტკიცედ და ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად. სამყაროში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს, მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისათვის გვაქვს ძლიერი პარტნიორობა. გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვის აქ ვართ, რომ ჩვენი წუხილი გამოვთქვათ, ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ერთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. იმედგაცურებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როდესაც ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება. კითხვა-პასუხი შეკითხვას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ, რომ მან პარტნიორების ნდობა დაიბრუნოს, სენატორმა შაჰინმა უპასუხა, რომ „იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს, რომ გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.“ მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან ამერიკას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა. „ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს, ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა - ეს არის ძლიერი ურთიერთობები. აშშ-ის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ამერიკა ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით,“ - აღნიშნა ჯინ შაჰინმა. ამასთან, მაიკ ტერნერმა ხაზი გაუსვა, რომ „პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა.“ „მას არ უთქვამს რაიმე გეგმის შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობებს. რაც მინიშნება იქნებოდა. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახევს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს,“ - განაცხადა კონგრესმენმა. შეკითხვას ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე, სენატორმა შაჰინმა უპასუხა, რომ ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს, რომ მათაც იგივე აინტერესებთ. „30 წელზე მეტია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს ძალიან უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს, ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათაც იგივე აინტერესებთ,“ - აღნიშნა სენატორმა. კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს არ თქმულა პოლიტიკა, რომელიც მიუთითებდა ურთიერთობების გადატვირთვაზე. შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებულთა სიაში იქნება თუ არა „ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე, რასაც სენატორმა იმედგამაცრუებელი უწოდა. „მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე," - აღნიშნა შაჰინმა. მანვე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ განუმარტეს მთავრობის წარმომადგენლებს თავისი წუხილი, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე. „დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, საქართველოს მთავრობას ზუსტად იმ პერიოდში შემოჰქონდა „რუსული კანონი.“გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ მისი მიღების ფაქტი, გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე, რომ ამას ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა. სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ; სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ - ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით; ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს, რადგან, რასაც ჩვენ ვისმენთ, საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ვისაც შევხვდით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩემი აზრით, როგორც გითხართით, ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს], მივუთითეთ, რომ იქნება შედეგები, ამას ექნება ურთიერთობებზე გავლენა და ზუსტად ეს ხდება ახლა,“ - განმარტა შაჰინმა. „ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება,“ - ასე უპასუხა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება. ტერნერის თქმით, ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას და ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს . „ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, არსებობს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და პირადად მის მიმართ კრიტიკას. ჩვენ შევეცადეთ, განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი - დიალოგი, გულისხმობს კრიტიკას, ასე ხდება პოლიტიკის ფორმულირება, ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. ჩვენ მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრს, რომ გაერკვეს - დიალოგი, დემოკრატიული დებატი, გულისხმობს კრიტიკას, რაზეც ის უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას,” - განაცხადა კონგრესმენმა. თავის მხრივ, სენატორმა, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პარტია, ამერიკა საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს. „მე ასევე გამოვეხმაურები იმას, რაზეც კონგრესმენმა ტერნერმა ისაუბრა. პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პრეზიდენტი - დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, არ ველი, რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში - სენატში და წარმომადგენელთა პალატაშიც, კანონმდებლობა შეტანილია, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას,” - აღნიშნა სენატორმა, ჯინ შაჰინმა. შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას გამოჩნდა, შაჰინმა უპასუხა, რომ სწორედ არჩევნებია ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იმყოფებიან ის და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში, ამ მნიშვნელოვან დროს. „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ მნიშვნელოვან დროს, გახლავთ მოსალოდნელი არჩევნები. გვსურდა, დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი,“ - აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფების მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს. „გვსურდა, გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა. ვინც უზრუნველყოფს, რომ ეს არჩევნები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩემი აზრით, ჩვენ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას არჩევნების პერიოდშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ყველა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.

აშშ-მ უნდა განიხილოს „პირდაპირი სამხედრო ქმედებები“, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ - კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს „პირდაპირი სამხედრო ქმედებები“, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში, ომში ჩაერთნენ. მანამდე გავრცელდა ცნობა, ამ ქვეყნიდან ათასობით ჯარისკაცი შეიყვანეს რუსეთში. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეფასებით, სულ მცირე, 3000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე და შიშობს, რომ მათ საბოლოოდ გაგზავნიან უკრაინაში კრემლის ძალებთან საბრძოლველად. თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 22 ოქტომბერს  განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნახა მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში იმყოფებოდნენ. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ უნდა აჩვენოს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების შესვლა ამ კონფლიქტში, წითელი ხაზია შეერთებული შტატებისთვის,“ - განაცხადა ტერნერმა. მისივე შეფასებით, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები შეიჭრებიან უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად უნდა განიხილოს ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედებების განხორციელება. ოქტომბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე 3000 ჯარისკაცი გადაიყვანა აღმოსავლეთ რუსეთში, ჩრდილოეთ კორეის ვონსანის რეგიონიდან აღმოსავლეთ რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გემების გავლით, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. მისივე ინფორმაციით, შემდეგ ჯარისკაცები გაემგზავრნენ სამ სამხედრო ობიექტზე აღმოსავლეთ რუსეთში, სადაც ისინი გადიან საბაზისო საბრძოლო მომზადებას. „ჩვენ ჯერ არ ვიცით, შევლენ თუ არა ეს ჯარისკაცები ბრძოლაში რუს სამხედროებთან ერთად, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი ალბათობაა,” - განმარტა კირბიმ. მანვე აღნიშნა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ჯარისკაცებს დასავლეთ რუსეთში გამგზავრება და შემდეგ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა შეეძლოთ, რაც „გამოავლენს რუსეთის მზარდ სასოწარკვეთას უკრაინის წინააღმდეგ ომში.“ კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მთავრობას სიტუაციის შესახებ უკვე აცნობა. ის გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებენ, „ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 10 000-მდე სამხედროს აგზავნის საბრძოლველად. ბელგიაში, ბრიუსელში საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფხენიანმა უკრაინაში უკვე გაგზავნა ტაქტიკური პერსონალი და ოფიცრები. ამ ცნობებმა გამოიწვია მოწოდება იმის შესახებ, აშშ-მ უნდა მოხსნას უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვა შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე, ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს ამის გაკეთებისკენ. „მე დიდი ხანია, ვეწინააღმდეგები ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის არაგონივრულ პოზიციას უკრაინის მიერ აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შეზღუდვის შესახებ. თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინას თავს დაესხმებიან რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს ამერიკული იარაღი საპასუხოდ,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა ტერნერმა თავის განცხადებაში. კირბიმ კი, განმარტა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და გააგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების დახმარების გაზრდას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ივნისში ხელი მოაწერეს პარტნიორობას და პირობა დადეს, რომ ურთიერთდახმარება და მტრებისგან დაცვა უზრუნველყონ. პუტინმა სახელმწიფო დუმას დოკუმენტი რატიფიცირებისთვის 14 ოქტომბერს წარუდგინა. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმების მიხედვით, თუ ერთ-ერთ მხარეს შეიარაღებული თავდასხმით დაემუქრებიან, მეორე მას სამხედრო და სხვა სახის დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევს.