აშშ-მ უნდა განიხილოს „პირდაპირი სამხედრო ქმედებები“, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ - კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს „პირდაპირი სამხედრო ქმედებები“, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში, ომში ჩაერთნენ. მანამდე გავრცელდა ცნობა, ამ ქვეყნიდან ათასობით ჯარისკაცი შეიყვანეს რუსეთში.


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეფასებით, სულ მცირე, 3000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე და შიშობს, რომ მათ საბოლოოდ გაგზავნიან უკრაინაში კრემლის ძალებთან საბრძოლველად. თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 22 ოქტომბერს  განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნახა მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში იმყოფებოდნენ.


„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ უნდა აჩვენოს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების შესვლა ამ კონფლიქტში, წითელი ხაზია შეერთებული შტატებისთვის,“ - განაცხადა ტერნერმა.

მისივე შეფასებით, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები შეიჭრებიან უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად უნდა განიხილოს ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედებების განხორციელება.


ოქტომბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე 3000 ჯარისკაცი გადაიყვანა აღმოსავლეთ რუსეთში, ჩრდილოეთ კორეის ვონსანის რეგიონიდან აღმოსავლეთ რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გემების გავლით, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.


მისივე ინფორმაციით, შემდეგ ჯარისკაცები გაემგზავრნენ სამ სამხედრო ობიექტზე აღმოსავლეთ რუსეთში, სადაც ისინი გადიან საბაზისო საბრძოლო მომზადებას.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, შევლენ თუ არა ეს ჯარისკაცები ბრძოლაში რუს სამხედროებთან ერთად, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი ალბათობაა,” - განმარტა კირბიმ.

მანვე აღნიშნა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ჯარისკაცებს დასავლეთ რუსეთში გამგზავრება და შემდეგ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა შეეძლოთ, რაც „გამოავლენს რუსეთის მზარდ სასოწარკვეთას უკრაინის წინააღმდეგ ომში.“


კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მთავრობას სიტუაციის შესახებ უკვე აცნობა.

ის გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებენ, „ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები.“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 10 000-მდე სამხედროს აგზავნის საბრძოლველად. ბელგიაში, ბრიუსელში საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფხენიანმა უკრაინაში უკვე გაგზავნა ტაქტიკური პერსონალი და ოფიცრები.


ამ ცნობებმა გამოიწვია მოწოდება იმის შესახებ, აშშ-მ უნდა მოხსნას უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვა შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე, ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს ამის გაკეთებისკენ.


„მე დიდი ხანია, ვეწინააღმდეგები ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის არაგონივრულ პოზიციას უკრაინის მიერ აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შეზღუდვის შესახებ. თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინას თავს დაესხმებიან რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს ამერიკული იარაღი საპასუხოდ,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა ტერნერმა თავის განცხადებაში.


კირბიმ კი, განმარტა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და გააგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების დახმარების გაზრდას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ივნისში ხელი მოაწერეს პარტნიორობას და პირობა დადეს, რომ ურთიერთდახმარება და მტრებისგან დაცვა უზრუნველყონ. პუტინმა სახელმწიფო დუმას დოკუმენტი რატიფიცირებისთვის 14 ოქტომბერს წარუდგინა.


დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმების მიხედვით, თუ ერთ-ერთ მხარეს შეიარაღებული თავდასხმით დაემუქრებიან, მეორე მას სამხედრო და სხვა სახის დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევს.