თეგი: მანქანების ექსპორტი

იაპონიამ შესაძლოა, რუსეთში მეორადი ავტომობილების ექსპორტი აკრძალოს - მედია

თუ „დიდი შვიდეული“ გადაწყვეტს, დააწესოს სრული აკრძალვა რუსეთში ექსპორტზე, იაპონიამ შესაძლოა, მეორადი ავტომობილების რუსეთში გადაზიდვა დაბლოკოს, განაცხადა პარასკევს იაპონიის მთავრობის წყარომ Kyodo News-ის ცნობით. მაისში, იაპონია G-7-ის სამიტს ჰიროსიმაში, დასავლეთ იაპონიაში უმასპინძლებს, სადაც სხვა მთავარ თემებთან ერთად განიხილება უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ზომები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. G-7-ის ქვეყნებმა უკვე შეაჩერეს რუსეთში პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტი, მათ შორის პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ უახლესმა გეგმამ შეიძლება, სავაჭრო ემბარგო გააფართოოს.  

1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში

აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში. შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, პირველი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში. ამასთან, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი. 2023 წლის 23 ივნისს მიღებულ სანქციების ახალ მე-11 პაკეტში ასახული აკრძალვა ვრცელდება: ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2,0 ძრავაა]; ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე.  

ტაჯიკეთმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი გაზარდა

2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ტაჯიკეთმა საქართველოდან 1435 ავტომობილი მიიღო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (603 მანქანა) 2,3-ჯერ მეტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ ავტომობილების ექსპორტის ღირებულებამ 15,842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მონაცემებს (3,894 მლნ აშშ დოლარი), 4-ჯერ აღემატება. 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 19,599 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის პირველ ნახევრთან შედარებით, (6,096 აშშ დოლარი) 3,2-ჯერ მეტია. თუმცა, ტაჯიკეთის ექსპორტმა საქართველოში პირველი ექვსი თვის განმავლობაში 36 030 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,7-ჯერ ნაკლებია 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (170 660 აშშ დოლარი). ტაჯიკეთის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 3,42 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ან 98,2 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

დღეიდან საქართველომ რუსეთსა და ბელორუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი. შესაბამისი განკარგულება ძალაში შევიდა. ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში. საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოდან რუსეთში 13,346 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1054 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, აგვისტოში კი, მხოლოდ 85 ერთეულის (781,1 ათასი დოლარის ღირებულების) რეექსპორტი მოხდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 4840 ერთეული ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 65.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უკავია - მთლიანი ექსპორტის თითქმის 33%, რაც ჯამში 1.178 მლრდ დოლარს აღწევს. 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში.